logo_geo
eng_logo
მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ საველე ჩართულობითა და პრაქტიკული გათამაშებებით აქტიურად მიმდინარეობს
- +

23 სექტემბერი. 2023. 10:17

 

 

სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ აქტიურ ფაზაში შევიდა. სწავლების პრაქტიკული ნაწილისთვის სპეციალური სიმულაციური სცენარია შემუშავებული, რომელიც ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისულ სიტუაციებში მედიის წარმომადგენლების მაქსიმალურ ჩართულობასა და პროფესიული საქმიანობის მაღალ დონეზე განხორციელებას ითვალისწინებს. მათ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან გამკლავებაც უწევთ. მედიის წარმომადგენლებისთვის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი სპეციალური მედიაცენტრია მოწყობილი.

 

სწავლების პრაქტიკული ნაწილი სხვადასხვა საველე სცენას მოიცავს. სწავლებაში მონაწილე მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას თეორიული კურსის დროს შესწავლილი უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენება უწევთ, მათ შორისაა უსაფრთხოების ნორმების სწორად დაცვა კრიზისული სიტუაციების დროს და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა დაჭრილი მოქალაქისთვის.

 

მედიასწავლების საველე გათამაშებებს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეებიც დაესწრნენ და კრიზისულ სიტუაციაში მედიის წარმომადგენლების მუშაობის პროცესს ადგილზე დააკვირდნენ.

 

„ღირსეული პასუხი 2023“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარეობს. სწავლებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადა უკვე მეშვიდედ მასპინძლობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner