შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისის პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გლდანში მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული ე.ჩ., 1996 წელს დაბადებული ტ.ხ.,1988 წელს დაბადებული გ.ქ., 1989 წელს დაბადებული ლ.ა., 1997 მ.ს. და 1994 წელს დაბადებული ბ.ა.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს,გლდანში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს,რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე 6 პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ძალადობის ფაქტზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დაშავებული პირების მეგობრებმა და თანაპარტიელებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა. ასევე, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო იმ პირების მიმართაც, რომლებიც სამართალდამცველებს ხელს უშლიდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.
სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.