600-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს ბიზნესი ერთ ჭერქვეშ, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებს, - ბიზნესსახლის პროექტს, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მმართველობითი რეფორმის ნაწილის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, საფუძველი დღეს ჩაეყარა.
ბიზნესსახლი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის სრულიად ახლებურ მოდელს წარმოადგენს, რომელიც ბიზნესისა და იურიდიული პირებისთვის, სხვადასხვა სამინისტროსა თუ სახელმწიფო უწყებაში გაფანტული სერვისების ერთ სივრცესა და ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე მიწოდებას ითვალისწინებს.
მათ შორისაა - სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის სერვისები, ბუნებრივი რესურსების ლიცენზიები, მშენებლობის ნებართვები, ენერგეტიკული პროექტები, სოფლის მეურნეობის დახმარების სახელმწიფო პროგრამები, პროგრამა - „აწარმოე საქართველოში", რომელთან დაკავშირებულ სერვისებს ბიზნესს მეწარმეობის განვითარების სააგენტო აწვდის, საპარტნიორო ფონდის სერვისები და ა.შ.
ჯამში, საუბარია 600-ზე მეტ მომსახურებაზე, რომელსაც ბიზნესი დღეს სახელმწიფოს მხრიდან იყენებს და ყველა მათგანი ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი.
„რევოლუციური პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ლანდშაფტს", - ასე შეაფასა ბიზნესსახლის პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესსახლი თვისობრივად გააუმჯობესებს სერვისების მიწოდების ხარისხს და შეამცირებს მომსახურების დროს და დანახარჯებს.
„ეს არის მმართველობითი რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც სერიოზულ ცვლილებას მოიტანს სახელმწიფოში ბიზნესის კეთების გამარტივების კუთხით. ეს არის მომხმარებელზე ორიენტირებული მთავრობის კონცეფციის განხორციელების უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ჩვენ ვიწყებთ მმართველობითი რეფორმის განხორციელებას, რომელიც ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. სივრცეში, რომელსაც ჩვენ შევქმნით, იქნება ჩვეულებრივი მომსახურების ზონა, VIP-მომსახურების ზონა და პრინციპი - „ყველგან ყველაფერი", ანუ საუბარია იმაზე, რომ უშუალოდ ბიზნესსახლში, სადაც ბიზნესის წარმომადგენელი მივა, ყველა სერვისი ერთ ადგილას იქნება ხელმისაწვდომი. მას შესაძლებლობა ექნება, დაჯავშნოს სერვისი წინასწარ და ის ადგილზე მიაწოდონ. ასევე, განხორციელდება პრინციპი - „მხოლოდ ერთხელ", ანუ, როდესაც ბიზნესის წარმომადგენელი პირველად გამოიყენებს ამ სერვისს და საკუთარ თავზე სახელმწიფოს მიაწვდის ინფორმაციას, მას ამის მეტჯერ გაკეთება აღარ მოუწევს. ინფორმაცია შეინახება და ნებისმიერ სხვა სახელმწიფო სააგენტოში მომსახურების მისაღებად მისვლის დროს, ბიზნესს აღარ მოუწევს ამ მომსახურების ყიდვა და მეორედ მიწოდება. ეს იქნება დროის და რესურსის, მათ შორის ფინანსურის დაზოგვა და ამასთანავე, ერთ, გამჭვირვალე სივრცეში მიწოდებული სერვისები, თავისთავად ამცირებს კორუფციის რისკებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა რეფორმაზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა ეკონომიკის სამინისტროს, მინისტრს, პროექტის შემუშავებაში ჩართულ უცხოელ კონსულტანტებს და იმედი გამოთქვა, რომ პროექტი, უახლოეს მომავალში, საქართველოში ბიზნესკლიმატს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველობითი რეფორმა მმართველობაში ჩართულობასაც მოიცავს და ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია ნაბიჯი - შექმნილია ინვესტორთა საბჭო, სადაც მსხვილი ბიზნესასოციაციები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენელ მინისტრებთან ერთად, საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური რეფორმების კუთხით დაგეგმილ ყველა ცვლილებას იხილავენ, რათა ბიზნესისა და ინიციატივიანი ადამიანებისთვის ნეგატიური სიურპრიზები თავიდან იყოს აცილებული.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის დანარჩენი სამი მიმართულებითაც.
„ეკონომიკური რეფორმების დაჩქარების კუთხით უკვე მიღებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლის პირველი იანვრიდან, მოგების გადასახადი აღარ იარსებებს, იმ პირობით, თუ მოგება არ განაწილდება და რეინვესტირებული იქნება, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს შიდა საინვესტიციო რესურსის მობილიზაციას. სივრცითი განვითარების კუთხით, ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა, გარდა იმისა, რაც ყოველწლიურად იხარჯება, დამატებით 5 მილიარდი დოლარი დაიხარჯოს საქართველოს ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის მიმართულებით და, კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელების გამოყენებით, ოთხ წელიწადში შევქმნათ თვისობრივად სხვა, ფიზიკურად და ვიზუალურად სხვა საქართველო, რომელიც გამართული იქნება აბსოლუტურად თანამედროვე ინფრასტრუქტურით. ეს, თავისთავად მისცემს საშუალებას საქართველოს, სრულად გამოიყენოს თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობა და სატრანზიტო პოტენციალი. განათლების სისტემის რეფორმის მიმართულებით, უკვე გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ეს სფერო ფუნდამენტურ ცვლილებებს შეიტანს, მთლიანად, საქართველოს განვითარებაში. ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ოპტიმიზმი. სიტყვა რევოლუცია რაღაც ნეგატივთან ასოცირდება, მაგრამ ეს პროექტი მართლაც რევოლუციურად შეცვლის საქართველოში ბიზნესგარემოს, ვინაიდან, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის თვისობრივად ახალ სივრცეს შექმნის. ვფიქრობთ, ამ პროექტით საქართველოში ახალი ეპოქა იწყება", - განაცხადა პრემიერმა.
ბიზნესსახლის პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და პროექტის ხელმძღვანელმა არჩილ ბუკიამ ერთობლივად სიმბოლური კაფსულა ჩადეს.