ნოტარიუსთა საერთო კრებამ გამგეობა და მისი თავმჯდომარე აირჩია. თავმჯდომარისა და გამგეობის წევრების არჩევნები ფარული კენჭისყრით, ხმის მიცემის ელექტრონული პროგრამით ჩატარდა. თავმჯდომარეობის გამარჯვებულმა კანდიდატმა ეკატერინე ნანდოშვილმა 248 ხმა მიიღო.
თავმჯდომარის, მოადგილის და გამგეობის წევრობის კანდიდატებმა კოლეგებს სამოქმედო გეგმა გააცნეს.
სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ საერთო კრებაზე მისასალმებელ სიტყვაში იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ნოტარიუსების საქმიანობის მნიშვნელობას ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
საერთო კრებაზე აღინიშნა 2021-2023 წლებში სისტემაში განხორციელებული წარმატებული რეფორმების შესახებ, მათ შორის: ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის 70 წლამდე გაზრდა; სანოტარო მომსახურების გეოგრაფიული არეალის გაფართოება; ბიუროების ადაპტირება შშმ პირთა საჭიროებებზე; დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერება პარტნიორ ქვეყნებთან და სხვ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სსიპ ნოტარიუსთა პალატის კურატორი - იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მინისტრის მოადგილეები და იუსტიციის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.