24 სექტემბერს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა, ერთი წლის ჭრილში, მემილიონე მგზავრს პირველად უმასპინძლა. ავიაკომპანია „WizzAir“-ის რეგულარულმა რეისმა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტიდან ქუთაისში მემილიონე მგზავრი ჩამოიყვანა. მას აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დახვდნენ.
„ჩვენთვის ძალიან საამაყო და სასიხარულო იყო, როდესაც ჩვენი აეროპორტის მემილიონე მგზავრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მოგზაურობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბევრი სტატია წაიკითხა ჩვენი ქვეყნის შესახებ. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს ცნობადობა გერმანიის ტურისტულ ბაზარზე იზრდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობა დიდ ძალისხმევას მიმართავს, რათა საქართველოს სიდიდით რიგით მეორე აეროპორტი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აეროპორტში დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომლის მიხედვითაც ქუთაისში აშენდება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომლის სიგრძე - 3,5 კმ, ქუთაისის აეროპორტს მისცემს შესაძლებლობას, ყველა ზომის საჰაერო ხომალდს მოემსახუროს და გაზარდოს მგზავრთა გამტარუნარიანობა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებულ განვითარების გეგმაზე.
„ჩვენ ასევე ვახორციელებთ სატერმინალო სამუშაოებს, რათა გავაუმჯობესოთ მომსახურება როგორც საერთაშორისო მოგზაურებისთვის, ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქუთაისის აეროპორტით სარგებლობენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, რათა გვქონდეს მეტი პირდაპირი ავიამიმოსვლა სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებთან, განსაკუთრებით ევროპის სახელმწიფოებთან. როგორც იცით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი ევროპის მიმართულებით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ ისტორიული რეისის თითოეულმა მგზავრმა ტერმინალში შემოსვლისას სპეციალური კონტენტით შექმნილი ეკრანების გვირაბი გაიარა, სადაც მათ მოისმინეს ინფორმაცია როგორც ქუთაისის აეროპორტისთვის ისტორიული რეისის მნიშვნელობის, ასევე საქართველოს, იმერეთის რეგიონის სტუმარმასპინძლობის შესახებ. ღონისძიების მთავარი ნაწილი ბარგის გაცემის სივრცეში გაიმართა, სადაც მემილიონე მგზავრი გამოვლინდა: საბარგო ლენტზე სპეციალურად, მემილიონე მგზავრისთვის - გერმანელი პიტერ გოეთზინგერისთვის დაბრენდილი ჩემოდანი გამოჩნდა, რომელშიც აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, სხვადასხვა საჩუქარი იდო. მათ შორის, სამოგზაურო ვაუჩერი ღია თარიღით საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მოგზაურობისთვის, ასევე, სხვადასხვა ქართული წარმოების პროდუქტი და ავიაკომპანია „Wizz Air“-ის ვაუჩერი, ასევე, ნებისმიერი მიმართულებით.