logo_geo
eng_logo
ეკა სეფაშვილი: თუ მოგვანიჭებენ სტატუსს, კარგი იქნება, თუ არა და, არც ეს იქნება ქვეყნისათვის დამღუპველი
- +

24 სექტემბერი. 2023. 18:25

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 22 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მან გეოპოლიტიკური ვითარების, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წინსვლაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას საქართველოს პარლამენტის წევრთან, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელთან, ეკა სეფაშვილთან ერთად ვაჯამებთ.

 

- ქალბატონო ეკა, მოდით ჩვენი საუბარი პრემიერ-მინისტრის გაეროში სიტყვით გამოსვლის შეფასებით დავიწყოთ. რა ძირითადი აქცენტები დასვა ირაკლი ღარიბაშილმა ნიუ-იორკში და, თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვნი იყო ის გზავნილები, რაც მან გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან გააჟღერა?

 

- ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მესიჯი იქნა გაჟღერებული, მათ შორის კი, ჩემი აზრით, ყველაზე საყურადღებო საქართველოს მშვიდობის პოლიტიკაზე აქცენტირება იყო. მან თქვა, რომ საქართველოს აღმასრულებელი გუნდი ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს და, რომ ჩვენს ქვეყანას, სხვადასხვა მისიებში მონაწილეობით, საკუთარი წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიოში უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების საკითხში. პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას საქართველო მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით ცდილობს და, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ღარიბაშვილის გამოსვლაში, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის ნაწილიც, სადაც მან ევროინტეგრაციის საკითხზე ისაუბრა. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შესრულდეს და, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს იმ სტატუსს, რომელიც შარშან ასე დაუმსახურებლად არ მოგვცეს. სწორი აქცენტირება მოხდა, როცა მან გლობალურ საზოგადოებას საქართველოს მიღწევები გააცნო და გამოვყოფდი იმ ნაწილს, სადაც პრემიერი საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მიერ დაკავებულ ძალიან ღირსეულ პოზიციებს შეეხო, რომლებითაც ჩვენ არა მხოლოდ მოლდოვასა და უკრაინას, არამედ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებსაც ვუსწრებთ და, რიგ შემთხვევებში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი. პრემიერმა მთელს მსოფლიოს დაუსაბუთა, რომ მრავალი თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ჰაბია, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან სხვადასხვა ეკონომიკური ინტერესების თანხვედრა ჩვენს ქვეყანას, გლობალურ მოთამაშედ აქცევს. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ ირაკლი ღარიბაშვილის გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლა, მნიშვნელოვანი იქნება როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, ასევე საქართველოს რეპუტაციისა და იმიჯის განმტკიცებისათვის.

 

- ჩვენი ქვეყანა იმსახურებს იმ სტატუსს, რომელიც შარშან ასე დაუმსახურებლად არ მოგვცესო, ბრძანეთ...რა მოლოდინები გაქვთ წელს და რამდენად ხედავთ იმის შანსს, რომ ევროპა ამჯერადაც არ დასწყვეტს ქართველ ხალხს გულს?

 

- მოლოდინებზე საუბარი ცოტა ძნელია, ვინაიდან ეს დამოკიდებულi იქნება მათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, პოლიტიკური გადაწვეტილება კი, დამოკიდებული იქნება იმ პერიოდის გლობალურ ვითარებაზე. გლობალური ომის პარტია გამუდმებით ცდილობს საქართველო ომში ჩართვას, ამას კი, ჩვენს ქვეყანაში არსებული რადიკალური ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლები უწყობენ ხელს. ომისა და ღალატის პარტია, ე.წ. ნაცკლასტერი გამუდმებით ცდილობს ქვეყანაში საბოტაჟის მოწყობას და ამის შესახებ განცხადება სუსმაც გაავრცელა. მათ გააფრთხილეს საზოგადოება, რომ უნდა ველოდოთ პროვოკაციებსა და არეულობებს. ოპოზიციამ, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მიიტანა იერიში საბანკო სექტორზე, რომელსაც ბანკის პრეზიდენტის მოადგილეებიც აჰყვნენ, თუმცა ქვეყანამ ამ გამოწვევას ძალზედ ღირსეულად გაართვა თავი. მასზე დაკისრებული მოვალეობა ეროვნულმა ბანკმაც წარმატებით შეასრულა, ვგგულისხმობ სავალუტო ინტერვენციებს, ანუ ბაზარზე დოლარის გამოტანას, რათა კურსის მოულოდნელი გაუფასურება კიდევ უფრო მასშტაბური არ ყოფილიყო. ჩვენ დღეს დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკას შუძლია ღირსეულად გაუმკლავდეს შიდა და გარე შოკებს, რაც ჩვენი უპირველესი ამოცანაა! ქვეყანამ მდგრადი ეკონომიკური ზრდა უნდა განაგრძოს, რაც ევროიტეგრაციისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, იმიტომ რომ ევროკავშირში არ მიღებენ ქვეყანას, რომელიც ეკონომიკური პარამეტრებით, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი წელს მაინც მოგცემს სტატუსს, რადგან სტატუსის მიღება მხოლოდ ჩვენს ინტერესში კი არა, თავად ევროკავშირის ინტერესებშიცაა. მათი მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებისასთვის, ძალიან ღირსეული პასუხის გაცემა იქნება.

 

- თქვენი აზრით, კანდიდატის სტატუსი ხელისუფლების თავზე დამოკლეს მახვილივით ხომ არ ჰკიდია და, უარის შემთხვევაში, ხომ არ გამოვა, რომ ევროკავშირმა, ერთი მხრივ ხელისუფლება გაწირა სახელმწიფო გადატრიალებისთვის, მეორე მხრივ კი, ჩვენი ქვეყანა - ომში ჩათრევისთვის, რადგან ყველა ვხვდებით, რომ რადიკალების ხელისუფლებაში მობრუნების შემთხვევაში, საქართველო მეორე დღესვე იქცევა ომის პოლიგონად?

 

- ძალიან კარგად შენიშნეთ, კანდიდატის სტატუსი მართლაც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ჩვენს თავზე და, რაც უფრო დიდ მნიშვნელობას მივანიჭებთ მას და, რაც უფრო ჩავთვლით, რომ ქვეყანა დაიღუპება სტატუსის გარეშე, მით უფრო დიდი შანსი იქნება, უარის შემთხვევაში, რადიკალებმა შეასრულონ თავიანთი ამოცანა, ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში, ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში და ჩაგვითრიონ ომში! თუკი ევროკავშირი მეორედაც გაგვწირავს და არც ამჯერად მოგვანიჭებს სტატუსს, მათ მოუწევთ აღიარება,  რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე პირისპირ, მარტო დაგვტოვეს. მათ იმისი თქმის საშუალებაც კი არ დარჩებათ, რომ ჩვენ რაღაცა ვერ შევასრულეთ. თუ მოგვანიჭებენ სტატუსს ძალიან კარგი იქნება, თუ არ მოგვანიჭებენ, ამით ჩვენი ქვეყანა არ დაიღუპება. ჩვენ მაინც გავაგრძელებთ დაკისრებული ვადებულებების შესრულებას, რომლებიც ასოცირების შეთანხმებაში გვაქვს გაწერილი.

 

- და ბოლოს, ქალბატონო ეკა, ხომ არ ფიქრობთ, რომ კანდიდატის სტატუსზე ხელისუფლება თავად ქმნის აღმატებით დამოკიდებულებას, ქმნის გადაჭარბებულ მოლოდინს, რომ მას აუცილებლად მივიღებთ და ვერ უხსნის საზოგადოებას, რომ სტატუსი არ არის და არ შეიძლება იყოს ჩვენი წმინდათაწმინდა მიზანი და საქართველოს ბედისწერა ამ ფარატინა სტატუსით, სულაც არ წყდება?

 

- სადაც კი ხელი მიგვიწვდება, ჩვენ სულ ამაზე ვსაუბრობთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, ავიცილოთ თავიდან გადაჭარბებული მოლოდინები, თუმცა ქვეყანაში გვაქვს მრავალფეროვანი მედია, მედიასაშუალების ნაწილი კი, ომის პარტიის მხრიდან ფინანსდება. სწორედ მათ მიერ გავრცელებული ტყუილები, ყალბი აღქმები და მანიპულაციები ახდენს საზოგადოებაზე დამაბნეველ გავლენას. 2012 წლამდე ყველა ტელევიზია ერთ ხმაში ავრცელებდა ხელისუფლების მიერ დაკვეთილ ინფორმაციას, ახლა კი გვაქვს მედიაპლურალიზმი და საზოგადოებას თავად უწევს იმის განსჯა და გაანალიზება, სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი, რაც მარტივი ამოცანა ნამდვილად არ არის, თუმცა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ ამოცანას კარგად უმკლავდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner