რუმინეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კოლეგას, სენატის პრეზიდენტ ნიკოლაე ჩუკას შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა.
„მოხარული ვარ, რომ ვესტუმრე რუმინეთის სენატს და ნაყოფიერი შეხვედრა გავმართე ჩემს კოლეგა ნიკოლაე ჩუკასთან.
ძალიან ვაფასებ, რომ მაქვს რუმინეთის, საქართველოს შავი ზღვის გადაღმა მეზობლის, სტუმრობის შესაძლებლობა ამჟამინდელ გეოპოლიტიკურად მღელვარე პერიოდში, როდესაც მსოფლიო, ცივი ომის შემდეგ, უპრეცედენტო რეგიონულ ძვრებს განიცდის და, ამავდროულად, ისტორიულ პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს.
შეხვედრის დროს, რუმინეთის მიმართ მადლიერება გამოვხატე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების განაცხადების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის.
ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა საუკუნეების წინ დაიწყო და ეფუძნება კულტურულ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენი საერთო ძლიერი ქრისტიანული მემკვიდრეობიდან მომდინარეობს. შემდგომში, ეს საერთო ღირებულებები სტრატეგიულ პარტნიორობად გარდაიქმნა, რომელიც მოიცავს საერთო ინტერესებში მყოფ ყველა მიმართულებას, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირებს ეთმობა. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების შემდგომი გაძლიერების მზაობა. ამ მიზნის მიღწევის ხელშესაწყობად, ხელი მოვაწერეთ რუმინეთის სენატისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც, გვჯერა, რომ ორივე ქვეყანას დადებით შედეგებს მოუტანს.
ჩვენ ხაზი გავუსვით ქართულ-რუმინული პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას შავ ზღვაში დაკავშირებადობის უზრუნველსაყოფად, რათა, დღევანდელ გამოწვევებით სავსე პერიოდში, გავაძლიეროთ ევროპის მედეგობა და ენერგოდამოუკიდებლობა. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის ფლაგმანი პროექტი კარგი მაგალითია, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომ დაეხმაროს ევროპას, მათ შორის, რუმინეთს, ენერგორესურსების დივერსიფიკაციასა და მწვანე ენერგიაზე გადასვლის ხელშეწყობაში.
შეხვედრის ფარგლებში, მე, ასევე, ვისაუბრე საქართველოს პროგრესზე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე და ხაზი გავუსვი შემდგომი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას ამ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის. რუმინეთი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის კუთხით წამყვანი ძალაა და დღესდღეობით მოველით რუმინეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაში ისეთივე წამყვან პოზიციას, როგორიც არის უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის შემთხვევაში. აღნიშნული დაგვეხმარება ჩვენ და მთელ რეგიონს, წარმატებით გავუმკლავდეთ წარსულის გეოპოლიტიკურ შეცდომებს და მტკიცედ დავადგეთ ევროპული მომავლის გზას.
მადლიერები ვართ სენატში ჩვენი გულთბილი მიღებისთვის. ვაფასებთ რუმინეთის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერ თითოეულ ნაბიჯსა და განცხადებას. დაე, იყოს ჩვენი საერთო წინაპრის - ანთიმოზ ივერიელის მემკვიდრეობა ჩვენი მეგზური მშვიდობასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული ერთობლივი მომავლის გზაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.