logo_geo
eng_logo
ტედ პო: დროა, ხმა ავიმაღლოთ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს
- +

8 სექტემბერი. 2016. 13:06



ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველო რეგიონში ყველაზე თავისუფალი ქვეყანა გახდა, რომელიც ყველაზე წინ არის კარგი მმართველობის, ეკონომიკური რეფორმების, დემოკრატიის, კორუფციასთან ბრძოლისა და პრესის თავისუფლების სფეროებში", - ამის შესახებ 7 სექტემბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუციის განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ტედ პომ განაცხადა.



თავის განცხადებაში კონგრესმენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო ახორციელებს მტკივნეულ რეფორმებს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების იმედით. მისივე თქმით, საქართველო აშშ-ის ძლიერი პარტნიორია, რომლის სამხედროები ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში.



საქართველო აშშ-ის ღირებული მოკავშირეა", - აცხადებს ტედ პო.



კონგრესმენი საქართველოსთვის რეზოლუციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ რეზოლუცია საქართველოსადმი აშშ-ის სოლიდარობის გამოხატულების კიდევ ერთი მაგალითია. ტედ პოს განცხადებით, რეზოლუცია გმობს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და პუტინს უგზავნის მკაფიო გზავნილს, რომ აშშ არასდროს აღიარებს საქართველოს რომელიმე ნაწილზე რუსეთის კონტროლს და რომ აშშ განაგრძობს თავის გრძელვადიან მხარდაჭერას თავისი პარტნიორებისადმი.



ტედ პო თავის განცხადებაში ცალსახად აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი პარტნიორების მიმართ აღებული ვალდებულებები პირნათლად უნდა შეასრულოს და მსოფლიო პროცესებიდან უკან დახევის ნაცვლად, მოკავშირეებთან ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გააღრმავოს.



დროა, ხმა ავიმაღლოთ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს", - ნათქვამია ამერიკელი კონგრესმენის განცხადებაში.



უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს თაობაზე რეზოლუცია კონგრესში სარგებლობს ორპარტიული, სრული მხარდაჭერით, რაც დებატებზეც ნათლად გამოჩნდა. ხმოვანი კენჭისყრის დროს რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეზოლუციის ინიციატორებმა მოითხოვეს სახელობითი კენჭისყრის ჩატარება, რათა კონგრესის დოკუმენტებში დაფიქსირებულიყო, თუ რაოდენობრივად რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს რეზოლუციას. ხმოვანი კენჭისყრის დროს მსგავსი ჩანაწერი არ კეთდება და უბრალოდ იწერება - „მიღებულია". კონგრესის წინასწარი დღის წესრიგის თანახმად, სახელობითი კენჭისყრის ჩატარება დანიშნულია 8 სექტემბერს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner