უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უნგრეთი არ დაუჭერს მხარს უკრაინას საერთაშორისო არენაზე, ვიდრე უკრაინაში ეთნიკური უნგრელების ენობრივი უფლებები არ აღდგება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
უნგრეთის მთავრობის მტკიცებით, უკრაინაში დაახლოებით 150 000 ეთნიკური უნგრელის უფლებები შეიზღუდა მშობლიური ენის გამოყენებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით განათლების სფეროში მას შემდეგ, რაც უკრაინამ 2017 წელს მიიღო კანონი, რომელიც ზღუდავს უმცირესობათა ენების გამოყენებას სკოლებში.
„მათ სურთ [უნგრული სკოლები] უკრაინულ სკოლებად გადააქციონ და თუ ეს არ გამოვა, მათი დახურვა სურთ“, - აღნიშნა ორბანმა და დასძინა, რომ მისი მთავრობა დასავლეთ უკრაინაში ეთნიკური უნგრელების უფლებებისთვის იბრძვის.
„ჩვენ არ დავუჭერთ მხარს უკრაინას საერთაშორისო არენაზე არცერთ საკითხში, ვიდრე ის არ აღადგენს კანონებს, რომლებიც უნგრელების უფლებებს უზრუნველყოფენ“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.