logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დღესდღეობით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდეს საქართველოს ნეგატიური დიფერენციაცია მოლდოვასა და უკრაინისგან, რადგან მსგავსი დიფერენციაცია ჩვენს საერთო არაკეთილმოსურნეებს აძლიერებს
- +

25 სექტემბერი. 2023. 19:56

"დღესდღეობით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდეს საქართველოს ნეგატიური დიფერენციაცია მოლდოვასა და უკრაინისგან, რადგან მსგავსი დიფერენციაცია ჩვენს საერთო არაკეთილმოსურნეებს აძლიერებს და რეგიონს აგრესორის წინაშე დაუცველს ტოვებს," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

მისი თქმით, დროა, ევროკავშირმა სრულად გაიაზროს თავისი გეოპოლიტიკური მოთამაშის როლი და მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნების სუვერენულ არჩევანს, რომლებიც ისტორიულად, ევროპულ ოჯახს განეკუთვნებიან.

 

 

„მზად ვართ, გამოვიყენოთ საპარლამენტო დიპლომატია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად და საპარლამენტო დონეზე მის შესავსებად სხვადასხვა აქტივობით. მსოფლიოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასთან ერთად, პარლამენტებს მეტი მნიშვნელობა ენიჭებათ საერთაშორისო დიპლომატიურ ურთიერთობებში. მოწადინებულები ვართ, გავაძლიეროთ კავშირები ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თავმჯდომარეების, მეგობრობის ჯგუფებისა და კომიტეტების დონეებზე. გვჯერა, რომ არსებითი რეგულარული გაცვლები შესაძლებლობას მოგვცემს, მივაღწიოთ ხელშესახებ შედეგებს. რუმინეთის გამოცდილება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მისასალმებელი იქნება ამ საკითხებზე გამოცდილების გაზიარება.

 

 

ძვირფასო კოლეგებო, ქართულ-რუმინული ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მიმართ ჩემი დიდი პირადი მხარდაჭერის გარდა, აქ ვიმყოფები, რათა გავაჟღერო ჩვენი გზავნილი და თხოვნა თქვენ მიმართ, რომ გააგრძელოთ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც დაეხმარება ჩემს ქვეყანას წარმატებით გააგრძელოს წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე.

 

 

დროა, ევროკავშირმა სრულად გაიაზროს თავისი გეოპოლიტიკური მოთამაშის როლი და მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნების სუვერენულ არჩევანს, რომლებიც ისტორიულად, ევროპულ ოჯახს განეკუთვნებიან. გასულ წელს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებით, ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყო, რადგან ევროკავშირში გაწევრიანების ახალ ეტაპზე გადავედით. თუმცა, ახლა, დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი და დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.

 

 

საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ შეფასდება და შესაბამისად დაფასდება. დღესდღეობით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდეს საქართველოს ნეგატიური დიფერენციაცია მოლდოვასა და უკრაინისგან, რადგან მსგავსი დიფერენციაცია ჩვენს საერთო არაკეთილმოსურნეებს აძლიერებს და რეგიონს აგრესორის წინაშე დაუცველს ტოვებს. რუმინეთის ხელმძღვანელი პირების მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების შემთხვევის მსგავსად, ვთხოვ ჩემს რუმინელ პარტნიორებს, რომ კიდევ ერთხელ წარუძღვნენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ამ ისტორიულ პროცესს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner