ავტორი პაატა ნაცვლიშვილი
მართლა მაგარი ამბავი მოხდა თუ ხდება! საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, თავისი საქმის გამოცდილი პროფესიონალები – ლევან თაქთაქიშვილი, ნათია კობახიძე და ქეთევან თომაძე სტამბულის ქართული კათოლიკური ეკლესიის ბიბლიოთეკაში დაცულ უნიკალურ საარქივო მასალებს ამუშავებენ და აციფრებენ.
სხვისი არ ვიცი და მე ამ არქივის საქართველოში ჩამოსვლას დიდი ხანია, ველოდები.
30-ზე მეტი წლის წინათ მე მქონდა საშუალება, საქართველოდან ერთ-ერთი პირველი ვწვეოდი ამ სავანეს. 1991 წელს გაზეთ „სამშობლოს“ რედაქციამ სპეციალური ექსპედიცია მოაწყო თურქეთში. ექსპედიციაში ჩემთან ერთად იყვნენ რუსლან ურუშაძე, ზურაბ ცინცქილაძე და ლევან ხოზრევანიძე.
ჩვენმა იქაურმა მასპინძელმა ტუფაქ იუქსელმა სტამბოლის კათოლიკური ეკლესიის მეთვალყურეთა საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ სიმონ ზაზაძეს შეგვახვედრა და ბატონი სიმონი თავად გაგვიძღვა ეკლესიის და მისი ბიბლიოთეკის დასათვალიერებლად. ორ დღეში ბევრი ვერაფერი მოვასწარით, მაგრამ რაც მოვასწარით და რაც ვნახეთ თუ ხელით შევეხეთ, მართლა ძალიან შთამბეჭდავი გახლდათ. ამიტომ დაახლოებით ვიცი, რა საოცარი მასალით ჩამოვლენ ჩვენები სტამბულიდან. სად იყო მაშინ გაციფრების საშუალება. ქსეროქსიც კი სიახლე იყო საქართველოში.
ამდენი წელია ველოდები იმ მასალის გაცნობას. ახლა ეს მოლოდინი კიდევ უფრო გამიმძაფრდა. გელოდებით, ჩემო ძვირფასებო, მოუთმენლად გელოდებით! დიდი ხანია, ასე არაფერი გამხარებია! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
ეს შავ-თეთრი ფოტოები კი, რომლებიც 32 წლის წინათ იმ ექსპედიციის დროს გადავიღე სტამბულის ქართველ კათოლიკეთა სავანეში, პირველად ქვეყნდება.