„როდესაც პრეზიდენტი კონსტიტუციას გადააბიჯებს, ამის შემდეგ შედეგი და მისი ქმედებების შინაარსიც არ იქნება ქართველი ხალხის სასარგებლო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი თავისი ქმედებებით აჩვენებს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ ვართ, არ ვმოქმედებთ კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე.
„ეს არის ნიშანი, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომ ჩვენს ქვეყანაში არა თუ კონსტიტუცია და კანონი არის მნიშვნელოვანი, არამედ ცალკეული ადამიანის სურვილი. თუ ადამიანი ჩათვლის, რომ მას აქვს რაღაც უფრო ზე-მიზნები, ვიდრე ეს არის კონსტიტუცია, მას შეუძლია თავისუფლად დაარღვიოს კონსტიტუცია და ამაზე საჯაროდ თავიც კი მოიწონოს. აი, ამ მესიჯით, როცა პრეზიდენტი ჩადის სხვა ქვეყანაში, რას იფიქრებს ის ქვეყანა?! რა ვართ ჩვენ?!“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.