logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდეს საქართველოს ნეგატიური დიფერენციაცია უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკისგან
- +

26 სექტემბერი. 2023. 15:50

 

 

„მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდეს საქართველოს ნეგატიური დიფერენციაცია უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკისგან. ქართველი ხალხი და მთავრობა ელის, რომ წელს საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუმინეთში, ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„ჩვენ წინაშე არსებულ სხვადასხვა საფრთხესა და გამოწვევასთან გასამკლავებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი მეტად იყოს ჩართული რეგიონში. შესაბამისად, საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას ეკონომიკური კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გარანტიად მიიჩნევს და ქართველი ხალხის ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული.

 

ამასთანავე, საქართველო, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს სანდო და პასუხისმგებლობიანი პარტნიორი, ყოველთვის მზადაა, წვლილი შეიტანოს ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში რუსეთიდან საპასუხო ქმედებების რეალური საფრთხის მიუხედავად. წლების განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატოში გაწევრიანების გზაზე და ბევრი კუთხით, უკვე ისე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა.

 

თუმცა, უკვე 15 წელი გავიდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ისტორიული გადაწყვეტილებიდან, რომელიც საქართველოსა და უკრაინას ნატოს წევრობას ჰპირდება, და 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ განაცხადი გააკეთა. ამ პერიოდის განმავლობაში, ალიანსის წევრთა დახმარებითა და მხარდაჭერით, განვავითარეთ დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც სცდება ნატოში გაწევრიანების საბაზისო სტანდარტებს, ხოლო ქართული სამხედრო ძალები ალიანსთან სრულად თავსებადი გახდა. შესაბამისად, დროა, მივაღწიოთ ხელშესახებ პროგრესს ინტეგრაციის პოლიტიკურ განზომილებაშიც. საქართველო, უკრაინის გამარჯვების შემდეგ ფორმულირებული, ახალი უსაფრთხოების წესრიგის სწორ მხარეს უნდა იდგეს.

 

ამჟამინდელი მღელვარე პერიოდი, რომელიც, როგორც ჩანს ჯერ კიდევ შენარჩუნდება, სათანადო მომენტია ევროკავშირისთვისაც, რომ მან შეასრულოს მიზნები, რომლებისთვისაც შეიქმნა: მდგრადი რეგიონული მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ევროკავშირს შეუძლია გააძლიეროს თავისი „რბილი ძალა“ სიმართლის, მორალურობისა და ევროკავშირის ღირებულებების მხარეზე ყოფნით, რომლებსაც დიდი ხანია მისდევს.

 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში, საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს და მიაღწია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს წარმატებულმა დემოკრატიულმა ტრანსფორმაციამ ქვეყანა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში აშკარა ლიდერად აქცია. თუმცა, როდესაც გასულ წელს საქართველოსთან დაკავშირებული რეალური გადაწყვეტილების დრო დადგა, ევროკავშირმა უკან დაიხია და, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, ევროპული პერსპექტივა მოგვანიჭა. მას შემდეგ, საქართველოს პარლამენტი წარმართავს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს, რომელიც მოიცავს დეპოლარიზაციის, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების, გენდერული თანასწორობისა და სხვა საკითხებს. ველით, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ შეფასდება და შესაბამისი გადაწყვეტილები მიღებული იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის მიხედვითა და ფართო გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდეს საქართველოს ნეგატიური დიფერენციაცია უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკისგან. ქართველი ხალხი და მთავრობა ელის, რომ წელს საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. აგრეთვე, ველით, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყება საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკასთან ერთად. ეს ნაბიჯები ხალხს მისცემს მიზანს გაერთიანებისთვისა და, ამ გაურკვეველ პერიოდში, უკეთესი მომავლის იმედს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner