ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" რესპუბლიკურ პარტიაზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ არ გააჩნიათ საკმარისი რესურსები იმისათვის, რომ გარდა პარტიისა, სახელმწიფოს განვითარებაზე იფიქრონ. ივანიშვილის თქმით, უსუფაშვილი და რესპუბლიკური პარტია ეძებდნენ დამატებით რესურსს მარგველაშვილის სახით.
„რესპუბლიკურ პარტიას არ აქვს ინტელექტუალური რესურსი და განცდა ამ პარტიას არ აქვს იმაზე მეტი, რომ სახელმწიფოზე იფიქრონ. მთელ რესურსს ახმარენ საკუთარ პარტიას და აი, კიდევ ერთი კარგი მაგალითი მათთვისვე საჩვენებლად: როდესაც მარგველაშვილი გამოვიდა ოფისიდან და შევიდა სააკაშვილის სასახლეში, მაშინ, სანამ მე ტელევიზიით გამოვიდოდი, მანამდე მქონდა უსუფაშვილთან შეხვედრა და მას არგუმენტიც არ დარჩა, გარდა კრიტიკისა, რომ არაფრით არ შეიძლებოდა ამის ესე გაშვება, რომ უნდა გვეთქვა ის, რაც სწორია, რომ ეს კაცი პრაქტიკულად უკანონოდ შევიდა ამ სასახლეში და იყენებს ექვსჯერ მეტ სასახლეს, რაც არ სჭირდება და წელიწადში ხარჯავს დაახლოებით 10 მილიონ ლარს დამატებით. მიუხედავად იმისა, რომ არგუმენტი არ დარჩა უსუფაშვილს, გამოვიდა საჯაროდ და ეს „გააპრავა" ელემენტარული მიზეზის გამო, ის ეძებდა დამატებით რესურსს მარგველაშვილის სახით. როგორი რესურსი მიიღო, კი ვნახეთ. პრაქტიკულად მან თავისი თავი გაინულა, როგორც პოლიტიკოსმა.
დავით ბერძენიშვილი, ყველაზე გავლენიანი ფიგურა რესპუბლიკურ პარტიაში ამაყობდა იმით, რომ ის მარგველაშვილს არ აკრიტიკებს, რამეთუ არ უნდა დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რაც აბსურდია, რადგან თუ ინსტიტუტის გაძლიერება გინდა, პირიქით, უნდა მიანიშნო, რომ სწორედ არ იქცევა, ესეც ერთს ემსახურებოდა მხოლოდ, მარგველაშვილის რესურსის გამოყენებას ცდილობდნენ. მარგველაშვილს თვითონ ვერ გაურკვევია, რა უნდა და ამათაც ვერაფრით ვერ დაეხმარა.
„რესპუბლიკელების" მთავარი შეცდომა ის იყო, რომ არათუ მათ ვერ მოახერხეს კოალიციაში საკუთარი რესურსის სწორად გამოყენება, არამედ ყველაზე დიდი შეცდომა და უნიჭობა, რაც მათ ბოლოს გამოავლინეს, გახლავთ ის, რომ დღეს, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ უამრავი პოზიტივი გააკეთა და მიიწერონ და ამით იამაყონ, თითქოს საერთოდ არ მიუღიათ არაფერში მონაწილეობა, მკვეთრ კრიტიკაზე გადაერთვნენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.