შალვა პაპუაშვილმა რუმინეთში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. კომენტარი ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ეს ორი დღე სრულად შევსებული იყო შეხვედრებით, როგორც პარლამენტის დონეზე, ისე მთავრობაში. ყველგან მთავარი თემა იყო, როგორც საქართველოს ევროინტეგრაცია, ისე ორმხრივი ურთიერთობები, რომელმაც სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმა მიიღო. სტრატეგიული პარტნიორობა თავისი შინაარსით ყველა ამ შეხვედრაზე იგრძნობოდა. ხაზგასმულია ორი ქვეყნის განსაკუთრებული როლი ევროკავშირის როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების საკითხში. რუმინელი კოლეგებისგან ბევრჯერ მოვისმინეთ, რომ მნიშვნელოვანია სტრატეგიული ურთიერთობა უფრო მეტად და მეტად შევავსოთ შინაარსით, ეს იქნება საპარლამენტო დონე, თუ სხვა განზომილებები. საპარლამენტო დონეზე უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.