საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
საუბარი შეეხო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში შეტანილ ცვლილებას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილების განხორციელების მიზანი საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის სრულყოფა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამის განახლების აუცილებლობას.
„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ევროკავშირის ელჩთან. დეტალურად ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ რეგულაციაზე. დავაფიქსირეთ, რომ განხორციელებული ცვლილება ემსახურება სანქციების უნაკლო და საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სანქციების შესრულების ერთგული რჩება. რასაკვირველია, ელჩს კითხვები ჰქონდა ამ გადაწყვეტილებაზე, რაზეც ჩვენი მხრიდან დეტალური განმარტება მიიღო.
ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე, იმაზე თუ რა გამოწვევები არსებობს ამ ეტაპზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას შეეხო. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს“, - განაცხადა თურნავამ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა სებ-ის როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობას.
„საქართველოს ეროვნულ ბანკთან მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებთ. ვისაუბრეთ ეროვნულ ბანკში მიმდინარე ბოლოდროინდელ პროცესებზე. ჩემი მხრიდან ხაზი გაესვა სებ-ის როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობის საჭიროებას. რასაკვირველია, განსაკუთრებით აღვნიშნეთ ევროკავშირის დახმარების მიმღები ყველა ქვეყნისთვის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის აუცილებლობა. განსაკუთრებით ახლა, როცა ერთი თვის შემდეგ ევროკომისია საქართველოს შესახებ გაფართოების პირველ ანგარიშს გამოაქვეყნებს. 12 პრიორიტეტიდან მეორე პრიორიტეტში კონკრეტულად საუბარია ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სსფ-ის პროგრამა განახლდება, რაც ჩვენ დაგვეხმარება თანამშრომლობის შეუფერხებლად გაგრძელებასა და საქართველოს პირდაპირ მხარდაჭერაში“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.