საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის განხილვის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კითხვის ნიშნები მოკავშირეებთან და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პოზიციასთან დაკავშირებით აღარ არსებობს.
„საერთოდ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს ის მოსაზრება და საზოგადოებამაც ზუსტად უნდა იცოდეს, რომ მოკავშირეები საქართველოს ჰყავს მყარი და კითხვის ნიშნები მოკავშირეობასთან დაკავშირებით, საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით აღარ არსებობს. ეს რეზოლუციაც არის ერთ-ერთი გამოხატულება იმისა, სად ვდგავართ და სად არის ის წითელი ხაზები, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ არ უნდა გადაკვეთოს არავინ და ამ შემთხევაში რუსეთმა", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია განიხილა. დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრისა და სამხედრო ინტერვენციის ფაქტი. რეზოლუციის ავტორები შეერთებული შტატების მთავრობას მოუწოდებენ, გამოაცხადოს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს არასდროს აღიარებს დე იურედ ან დე ფაქტოდ.