საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აზერბაიჯანის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს მუბარიზ გურბანლის და თანმხლები დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობას შეეხო. ყურადღება გამახვილდა ინტერრელიგიური და ინტერკულტურული დიალოგის მნიშვნელობაზე.
„ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველთვის იყო კარგი, მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა. საქართველო ყოველთვის ამაყობდა მრავალფეროვანი კულტურით და მრავალეთნიკური საზოგადოებით, რელიგიური ტოლერანტობით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიან და ჰარმონიულ გარემოს ქმნიდა თანაცხოვრებისთვის. ინტერრელიგიური და ინტერკულტურული დიალოგი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს მიმართულებებზე, რომელიც რელიგიის თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვის უკეთეს სტანდარტებს უზრუნველყოფს.
„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის და სასიხარულოა, რომ გამონაკლისი არაა ის მიმართულებები, რაც უკავშირდება რელიგიის თავისუფლებას და რელიგიის საკითხებს. ამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის თანამშრომლობაც, მათ შორის, იმ თვალსაზრისით, რომ ეს ხელს შეუწყობს ორივე სახელმწიფოს, მათ ტერიტორიაზე რელიგიის თავისუფლება უკეთ იყოს უზრუნველყოფილი და შესაბამისად, უკეთესი სტანდარტები შეიქმნას ადამიანის უფლებების დაცვისთვის“,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.