logo_geo
eng_logo
გელა სამხარაული: ვცდილობთ, რომ მიწის რეგისტრაციის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ
- +

11 მარტი. 2016. 12:50


პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ სახელმწიფო ცდილობს, საბოლოოდ მოაგვაროს მიწის რეგისტრაციის პრობლემა. როგორც სამხარაულმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფო ქონებას არავის ჩამოართმევს და პირიქით, გარკვეული სისტემური მიდგომებით დაეხმარება მოსახლეობას მიწების დარეგისტრირებაში.

 

„საზოგადოებას ჰგონია, რომ სახელმწიფო მათთვის ქონების ჩამორთმევას აპირებს. ეს არის აბსურდი და სრული სიცრუე. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი მიწა მოხვდეს კერძო პირების ხელში და მეტად გააქტიურდეს ჩვენი კერძო სექტორი. ვცდილობთ, რომ ჩამოვაყალიბოთ მიწის ბაზარი. სწორედ ამ პრობლემების შესწავლას მოვანდომეთ გარკვეული პერდიოდი და ახლა ვიწყებთ სრულიად ახალ კანონპროექტზე მუშაობას. გუშინ მქონდა საუბარი იუსტიციის მინისტრთან და გადაწყდა, რომ 17 მარტს მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროები განიხილავენ აღნიშნულ საკითხს.

 

ამ საკითხს ვუდგებით სისტემურად. ცვლილებები შევა უამრავ კანონში, სხვადასხვა მიმართულებით. შემოდის სრულიად ახალი კანონი, რომელიც შეეხება მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას. ასევე განსაზღვრული იქნება გარკვეული ფინანსური მექანიზმები. ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა ქვეყანაში უნდა გადაიჭრას. წინა წლებში 100 მილიონზე მეტია დახარჯული ამ მიმართულებით, მაგრამ, ფაქტობრივად ეს თანხა გაფლანგულია, რადგან ჩვენ დღესაც არ გვაქვს შედეგი მიღებული. ვფიქრობთ, რომ შემოვიტანთ ახალ მექანიზმებს. უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხება აზომვითი ნახაზების შექმნას.  შემოგვაქვს სერტიფიცირების მექანიზმი, რათა ეს სამუშაო შეასრულოს მხოლოდ კვალიფიციურმა პერსონალმა, ერთიანი მეთოდოლოგიის გამოყენებით. ასევე კანონმდებლობით დადგინდება ფასი, თუ რის გადახდა მოუწევს მოსახლეობას. ასევე შემოგვაქვს სისტემური მიდგომა და ამ მიდგომით, გარკვეული ტერიტორიები დარეგისტრირდება ყოველგვარი საფასურის გარეშე. როგორც ასეთი, მიწის რეგისტრაცია დღესაც უფასოა და მომავალშიც ასე იქნება. უბრალოდ, ამა თუ იმ პიროვნებას მოუწევს, გადაიხადოს თანხა ნოტარიუსის მომსახურებაში, ნახაზის აღებაში და იმ სახელმწიფო დაწესებულებებთან, სადაც გარკვეული დოკუმენტების აღება არის საჭირო. ეს არ იქნება დამატებითი თანხები, ეს ახლაც ასეა. ასევე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ორგვარი მიდგომა. უნდა იყოს დაწესებული გარკვეული ფასები, თუმცა იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ საშუალება და სჭირდებათ დახმარება, აღნიშნული თანხა უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ", - განაცხადა გელა სამხარაულმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner