„სალომე ზურაბიშვილისთვის და არა მარტო მისთვის, მისი პატრონებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ერთი წელი კიდევ ეკავოს პრეზიდენტის თანამდებობა. შესაბამისად, მას ჰქონდა გარანტიები, რომ რადიკალური ოპოზიცია მხარს არ დაუჭერდა იმპიჩმენტს, წინააღმდეგ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი ვერ გარისკავდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ასი ხმის მოლოდინი არ გვაქვს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კონსტიტუცია ამბობს, რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტს სურს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, მათ შორის სამუშაო ვიზიტის, მას ესაჭიროება მთავრობის თანხმობა, თუ მას არ აქვს თანხმობა, ამ შემთხვევაში, უხეშად ირღვევა უკვე კონსტიტუცია.
„რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცესის განვითარებას, ჩვენ ველოდებით პირველ რიგში საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას. საკითხი არის უმარტივესი, არის რეალურად კონსტიტუციის ტექსტი, რომელიც ამბობს, რომ როდესაც პრეზიდენტს სურს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, მათ შორის სამუშაო ვიზიტის და ა.შ. ყველა შემთხვევაში, მას ესაჭიროება მთავრობის თანხმობა და რატომ - აქ არის მთავარი სისტემა. სისტემა გვეუბნება, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც საგარეო პოლიტიკას ექსკლუზიურად ახორციელებს მხოლოდ მთავრობა და სწორედ ამის გამოა, რომ პრეზიდენტს ყოველ ჯერზე ესაჭიროება მთავრობის თანხმობა, თუ მას სურს ვიზიტის განხორციელება. თუ მას არ აქვს თანხმობა, ამ შემთხვევაში, უხეშად ირღვევა უკვე კონსტიტუცია. ამიტომ, დღესავით ნათელია ყველაფერი, ჩვენ ველოდებით შესაბამისად, სათანადო დასკვნას საკონსტიტუციო სასამართლოდან. პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსია. ამას კიდევ ერთხელ, ძალიან ხაზგასმით გავიმეორებ. შესაბამისად, არ ვიცი, სხვა დასკვნა როგორ შეიძლება აქ ვინმემ გამოიტანოს, რომელიმე იურისტმა, რომელიც პატივს სცემს საკუთარ პროფესიას. შეუძლებელია, აქ სხვა დასკვნა გამოიტანო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება პოლიტიკურ გაგრძელებას, ირაკლი კობახიძის თქმით, იმპიჩმენტის დასრულებას სჭირდება ასი ხმა.
„ჩვენ არ გვაქვს ამის მოლოდინი, როდესაც იმპიჩმენტი აღვძარით, თავიდანვე ვამბობდით, რომ ასი ხმის მოლოდინი არ გვაქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო. თავიდანვე ჰქონდა გარანტიები სალომე ზურაბიშვილს, როდესაც ის უხეშად არღვევდა კონსტიტუციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ ვერ გარისკავდა. მისთვის მნიშვნელოვანია, არა მარტო მისთვის, მისი რასაც ჩვენ ვუწოდებთ პატრონებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილს ერთი წელი, საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით და არჩევნებს მიღმა დაახლოებით კიდევ ერთი თვე უწევს პრეზიდენტობა, კვლავაც ეკავოს თანამდებობა. შესაბამისად, მას ჰქონდა გარანტიები, რომ რადიკალური ოპოზიცია მხარს არ დაუჭერდა იმპიჩმენტს, წინააღმდეგ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი რა თქმა უნდა, ვერ გარისკავდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ასი ხმის მოლოდინი არ გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.