„არავის უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდებოდა - ითქვა, რომ სტუდენტებს ვალი გაუნულდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ვალი ჩამოეწერებათ, ვალი აღარ ექნებათ, თუმცა ეს ბიუჯეტიდან 40 მილიონის გადახდის საჭიროებას არ მოითხოვს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ „ევროოპტიმისტების“ წევრებთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც მან მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ განაცხადეს, საბიუჯეტო ცვლილებებში ასახული არ იყო პრემიერი-მინისტრის მიერ დავალიანების მქონე სტუდენტებისათვის მიცემული დაპირება.
ოპოზიციონერ დეპუტატებს კაკაურიძემ განუმარტა, რომ უნივერსიტეტებისთვის 20%-იანი შეთავაზება გაკეთდა და თუ უნივერსიტეტს უღირს, რომ სტუდენტი, რომელიც სწავლის საფასურს ვერ იხდის, 20% გადაუხადო, ვალი ამ პირობით ჩამოიწერება.
„სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს არ განუცხადებია, რომ თანხას ბიუჯეტიდან სრულად ჩვენ გადავიხდით. პრემიერმა თქვა, რომ სტუდენტებს დავალიანება ჩამოეწერებათ. პრემიერს არ უთქვამს, რომ 40 მილიონ ლარს დავხარჯავთ - პრემიერმა თქვა, რომ ვალი არის 40 მილიონი ლარი, რომელიც სტუდენტებს ჩამოეწერებათ. ის, თუ რამდენს დავხარჯავთ, დაახლოებით ორ თვეში გამოჩნდება, როდესაც პროცესი დასრულდება. ბიუჯეტიდან დიდი და მნიშვნელოვანი თანხის დამატება საჭირო არ იქნება. განათლების სამინისტრო თავისი რესურსით ამ თანხების დაფინანსებას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, 40 მილიონი ლარი არ დაიხარჯება.
20%-იანი ანაზღაურება სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ უნივერსიტეტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოსყიდვა გააკეთოს - ეს ვალდებულება, სტუდენტების მიმართ მოთხოვნა დათმოს და სახელმწიფო ამ თანხას არ მოსთხოვს.
თუ რომელიმე უნივერსიტეტს ამის გაკეთება არ ენდომება, ვერავინ აიძულებს. არავინ არავის არაფერს აძალებს. თუ კერძო უნივერსიტეტებს არ ენდომებათ, მათ შეუძლიათ ამაზე უარი თქვან, თუმცა დარწმუნებულია ვარ, რომ შეთავაზება უნივერსიტეტებისთვის მისაღები იქნება“, - განაცხადა კაკაურიძემ.