საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში რეგიონულ მეიდასთან შეხვედრისას რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „იმაში, რაც რუსეთმა 2008 წელს მოახერხა, ლომის წილი სააკაშვილს ეკუთვნის".
„ყველა სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ ინტერესებზე. ძალიან ხშირად ხდება, რომ მეზობელი მეზობლის ტერიტორიებს ეხება. ეს მხოლოდ ჩვენს რეგიონს არ ახასიათებს. მთავარი, რაც კარგად უნდა გავიაზროთ, არის ის, რომ კარგად შევარჩიოთ ხელისუფლება. ქვეყანას პატრონი უნდა ჰყავდეს. იმაში, რაც რუსეთმა მოახერხა, ლომის წილი სააკაშვილს ეკუთვნის. რომ არა მათი უაზრო ქმედებები, არაფერი მოხდებოდა და რუსეთი ჯარს ვერ შემოიყვანდა.
ჩვენ ჩვენი მეზობელი ქვეყნების დახასიათების ნაცვლად და იმის ნაცვლად, რომ როგორმე მათ მადა და გემოვნება შევუცვალოთ, უნდა ვიფიქროთ სწორი ხელისუფლების შერჩევასა და ჩვენი ქვეყნის სწორად მართვაზე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.