"აბსოლუტურად სწორი სვლები გააკეთეს, მოზომილი და სწორი სვლები" - ასე შეაფასა პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კომერციული ბანკების გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით.
როგორც მამუკა მდინარაძემ "რამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, კომერციული ბანკები სწორედ ასე უნდა მოქცეულიყვნენ, რადგან მათ ვალდებულებები აქვთ არამარტო ეროვნული ბანკის, არამედ უცხოელი პარტნიორების წინაშეც.
"არ დამორჩილება სხვა რამეა, მათ თავისი ვალდებულებები აქვთ და შეიძლება, ძალიან სწორად მოიქცნენ. სხვათა შორის, დღეს ვუყურებდი და ძალიან გამჭრიახი გონების ადამიანები მართავენ და აბსოლუტურად სწორი სვლები გააკეთეს, მოზომილი და სწორი სვლები. მათ თავიანთი ვალდებულებები მხოლოდ ეროვნულ ბანკთან კი არ აქვთ, თავის პარტნიორებთან აქვთ უცხოეთში ვალდებულებები, სანამ თემაში გაერკვეოდნენ, სხვა განცხადება შეიძლება ვერც გაეკეთებინათ. აქ შეიძლება ჩემზე ბევრად კომპეტენტური სხვები იყვნენ, ამიტომ, ამ საკითხს აღარ შევყვები,"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.