"ბოლო დროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკური და სამართლებრივი რეაქცია იყო მართებული და იმპიჩმენტი არის ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენს ქვეყანას მომავალში იმ შეცდომებისგან დააზღვევს რაც წარსულში დავუშვით ჩვენ თუ ჩვენმა წინა თაობებმა," - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„სადამდე მიიყვანა საქართველო იმან, რომ წარსულში ლიდერები თვლიდნენ, რომ მათი გადაწყვეტილებები უფრო მაღლა იდგა ვიდრე კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები? - ამან მიგვიყვანა სამოქალაქო ომთან, პოლიტიკურ კრიზისებთან და ქვეყანა წლებით დახია უკან, რომ აღარაფერი ვთქვათ ეკონომიკაზე და განვითარების ტემპებზე. ყველა ლიდერს მაშინ თავისი არგუმენტი ჰქონდა, ისინიც ამბობდნენ გარკვეულ არგუმენტებს, თუ რატომ არღვევდნენ კონსტიტუციას და აყენებდნენ საკუთარ თავს კანონზე მაღლა. დღესაც იმავეს ვხედავთ - პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება გამართლებული იყოს იმით, რომ ქვეყანას ეხმარება ევროინტეგრაციის პროცესში. ამაში თვითონაც ეპარება როგორც ჩანს ეჭვი, რადგან მან თქვა - მართალია საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სტატუსის მისაღებადო. ვისაც თვითონ არ სჯერა, რომ საქართველო, მისი საზოგადოება და ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ის რა თქმა უნდა ვერც სხვებს დაარწმუნებს ამაში. ნებისმიერ შემთხვევაში კონსტიტუციის დარღვევას, არანაირი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს. დღეს და მომავალში ყველამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს კონსტიტუციის დაცვით“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია პრეზიდენტზე ზეწოლას ახდენს.
„ეს ადამიანები პრეზიდენტს აყენებდნენ უმძიმეს პიროვნულ შეურაცხყოფას. ეს ხალხი ჯერ იწყებს თხოვნებს, რომ შეწყალებები გააკეთოს პრეზიდენტმა და მიიჩნევენ ნომერ პირველ მოკავშირედ და ევროპული კურსის საუკეთესო დამცველად. დღეს კი პირდაპირ უთვლიან, ან შეწყალება, ან იმპიჩმენტიო. ეს იყო მათი გზავნილი. არ ვიცი შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქართველოს უსაფრთხოებაზე, მშვიდობაზე და ეკონომიკურ განვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს. სააკაშვილი როგორც ლიდერი, უკვე დასრულებულია“, - აცხადებს თალაკვაძე.