"ძალიან რთულია მოახერხო, რომ მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც გაკრიტიკებდეს. დღეს სწორედ ამ პოზიციაშია პრეზიდენტი. ჩვენ რაც უნდა ვუთხრათ მოქალაქეებს პირველ რიგში არის ის, რომ ეროვნული ბანკი განაგრძობს სტაბილურად ფუნქციონირებას," - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„პარლამენტმა მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება - დაასწრო მოსალოდნელ პოლიტიკურ კრიზისს და განმუხტა კრიზისი როდესაც საბჭოში ორი ახალი წევრი განაწესა, თუმცა, ნამდვილად იყო მცდელობა, რომ მომხდარიყო ეროვნული ბანკის პარალიზება და ამით დაზიანებულიყო საქართველოს საბანკო სისტემა. ამას ჰქონდა ორი მიზანი, ერთი რომ ქვეყანაში დაწყებულიყო პანიკა, და მეორე საქართველოს რეპუტაცია და იმიჯი დაზიანდეს ევროინტეგრაციის გზაზე. ქალბატონმა ნათია თურნავამ მიიღო კონსტიტუციასთან შესაბამისი გადაწყვეტილება და შემდეგშიც ყველა საკვანძო მომენტში მიიღო კანონიერი გადაწყვეტილებები. ეს ოპოზიცია ხომ ამბობდა, რომ ხელისუფლება არ აპირებს გამოძიების დაწყებას? - ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო; ოპოზიცია ხომ ამბობდა, რომ ხელისუფლებას არ უნდა მოქალაქეობა შეუწყდეს ბატონ ფარცხალაძეს? გამოსცა თუ არა იუსტიციის სამინისტრომ დასკვნა, რომ მოქალაქეობის შეწყვეტა არის ამ დროს სწორი გადაწყვეტილება და მიაწოდა ეს პრეზიდენტს? - დიახ. შესაბამისად, კანონიერად მოიქცა ყველა ინსტიტუტი, მათ შორის ეროვნული ბანკიც. ამ დღეებმა დაგვანახა, რომ ქალბატონმა ნათია თურნავამ და ბანკის მთლიანმა კოლექტივმა, ვინც ერთგულია თავისი პასუხისმგებლობის, მოახერხა სიტუაციის სტაბილიზაცია“, - განაცხადა თალაკვაძემ.