პარლამენტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ადმინისტრაციულ სამართადლდარღვევათა კოდექსში” მომზადებულ ცვლილებებს განიხილავს. ცვლილებები აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებით ჯარიმებს ეხება.
კანონპროექტის მიხედვით, დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 1500 ლარის ოდენობით. პროექტით კონკრეტდება, რომ განმეორების შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა ფიზიკურ პირებზე 500 ლარის ოდენობით იქნება, ხოლო იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა ფიზიკური პირისთვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით.