logo_geo
eng_logo
ლონდონში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 28-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურას სპეციალური ჯილდო გადაეცა და საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ასოციაციის საპატიო წევრად ერთხმად აირჩიეს
- +

28 სექტემბერი. 2023. 11:29

 

 

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივნის, ჰან ჰენდრიკ მორაალის განცხადებით, საქართველოს გენერალურ პროკურორს ასოციაციის საპატიო წევრის სტატუსი ასოციაციის მიზნების განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა.

 

საქართველოს გენერალური პროკურორის, ბატონი ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან რეფორმებსა და განვითარებას ჰქონდა ადგილი, რომელთა მიზანს წარმოადგენდა პროკურატურის დამოუკიდებლობის, სიმძლავრისა და გამჭვირვალობის გაზრდა, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც ასევე ხაზს უსვამს რეგიონში საქართველოს ლიდერობას. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია ამაყობს ასოციაციასა და გენერალურ პროკურატურას შორის საერთო ღირებულებებით, რისი შედეგიცაა ამ ორ ორგანიზაციას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და გაზრდილი აქცენტი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის სტანდარტებში გაწერილი პრინციპების განხორციელებაზე.“ - განაცხადა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა.

 

ჰან ჰენდრიკ მორაალის განცხადებით, 2018 წელს გენერალურმა პროკურატურამ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის სამდივნოში საკუთარი წარმომადგენელი წარადგინა და ხელი შეუწყო უწყების მაღალი დონის წარმომადგენლის, გიორგი გოგაძის პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელ კომიტეტის წევრად არჩევას. ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული საპროკურორო ოფისის მზადყოფნა, იყოს ასოციაციის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი და სტრატეგიული პარტნიორი.

 

„2018 წელს აღმასრულებელმა კომიტეტმა დაამტკიცა საქართველოს გენერალური პროკურატურის წინადადება, 2021 წელს IAP-ის 26-წლიური კონფერენციისა და გენერალური კრების საქართველოში ჩატარების შესახებ. გენერალური პროკურატურა არ შეუშინდა COVID-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებს და საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, დაეწყო 26-ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზებისთვის მზადება. სამწუხაროდ, ყველამ იცით, რომ პანდემიის მძიმე ვითარების გამო 26-ყოველწლიური კონფერენცია 2021 წელს ვერ შედგა. ამის მიუხედავად, ირაკლი შოთაძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოთქვა მზაობა ასოციაციის წინაშე, იმის შესახებ, რომ მისი ოფისი ღონისძიებას 2022 წელს უმასპინძლებდა. გასულ წელს, 27-წლიური კონფერენცია თბილისში გაიმართა და ყველამ გამოსცადა საკუთარ თავზე მასპინძლის სტუმართმოყვარეობა, მონდომება და ღონისძიების არაჩვეულებრივი ორგანიზება, უდავოდ დიდი შვება იყო, რომ IAP დაუბრუნდა თავისი ყოველწლიური ღონისძიების ორგანიზებას. ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა ირაკლის გამძლეობის გარეშე.“ - აღნიშნა ასოციციის გენერალურმა მდივანმა.

 

ირაკლი შოთაძემ მიღებული ჯილდოსთვის პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურის ეს წარმატება პროკურატურის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომის შედეგია.

 

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც დიდი წვლილი გასწიეს იმისთვის, რომ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენცია თბილისში ყოფილიყო წარმატებული, მადლობა გადავუხადო. სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა ის ჯილდო, რომელიც დღეს საქართველოს პროკურატურამ ამ კონფერენციის ორგანიზებისთვის და უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვის მიიღო” - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

 

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 28-ე წლიური კონფერენცია ლონდონში, 24-27 სექტემბერს გაიმართა. კონფერენციის მთავარ თემას წარმოადგენდა „დანაშაულის ცვალებადი ბუნება 21-ე საუკუნეში: გამოწვევები და პასუხები“.

 

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვენის წარმომადგენლობაში 1995 წელს დაარსდა და ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს პროკურორებს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებიდან. საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანებულია მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყება, ასევე ინდივიდუალური წევრი პროკურორები.

 

საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციული წევრი 2011 წლიდანაა, თუმცა ასოციაციასთან მჭიდროდ 2014 წლიდან თანამშრომლობს. 2018 წლის მაისში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი არჩეული იქნა IAP-ის მმართველობითი ორგანოს - აღმასრულებელი კომიტეტის წევრად და შესაბამისად საქართველოს პროკურატურა ასოციაციის მმართველობით საქმიანობაში ჩაერთო. 2022 წელს პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე ყოველწლიურ კონფერენციას საქართველომ უმასპინძლა. ამავე ღონისძიების ფარგლებში, ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად, ევროჯასთში (EUROJUST) საქართველოს მეკავშირე პროკურორი, გიორგი გოგაძე აირჩიეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner