“შეუთანხმებელი მოქმედებები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს”, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ეს აზიანებს თვითონ პრეზიდენტსაც, ვინაიდან როდესაც ქვეყანაში უკვე იმპიჩმენტია ამის გამო ინიცირებული, ძალიან უცნაური და დამაზიანებელია, როდესაც ის აგრძელებს საგარეო აქტივობას, მაშინ როდესაც კონსტიტუციის მიხედვით, ამაზე არის პასუხისმგებელი მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამას სჭირდება სათანადო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება. ჩვენ ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას ამ თემაზე, რის შემდეგაც პარლამენტი უკვე იმსჯელებს და კონსტიტუციის მნიშვნელოვანი პრინციპის დარღვევას სრულფასოვანი შეფასება მოჰყვება“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წარდგინება 12 სექტემბერს დარეგისტრირდა. წარმდგენები არიან ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.