"კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში სპორტის და ახალგაზრდობის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე მსჯელობას დაეთმო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გაიმართა, "- ამის შესახენ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, პლატონ კალმახელიძემ კომიტეტის წევრებს ბოლო წლებში განხორციელებული სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
„მისი თქმით, 2014 წლიდან დღემდე კახეთის რეგიონში 170 სპორტული მოედანი და მინი სტადიონი აშენდა, რეაბილიტაცია კი 80 სპორტულ მოედანს ჩაუტარდა. რაც შეეხება სპორტულ დარბაზებს, ამჟამად 4 ახალი დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს, 28 დარბაზი კი რეაბილიტირდა. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ახალგაზრდობის მხარდამჭერ პროექტებზეც ისაუბრა და ახალგაზრდული ცენტრების, ტექნოპარკების, გასართობ-რეკრეაციული ზონების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, რეგიონის ახალგაზრდების ადგილზე განათლების და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, საპილოტე პროგრამები მიმდინარეობს.
პლატონ კალმახელიძემ სპორტის და ახალგაზრდობის კუთხით რეგიონში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და საჯარო სივრცეების დეფიციტსა და მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობის საკითხები გამოყო. მისივე თქმით, ადგილობრივ ახალგაზრდებში მოტივაციის გაზრდისთვის სასურველია თუ მუნიციპალიტეტებში წარმატებული სპორტსმენების მიწვევა და შესაბამისი მასტერკლასების გამართვა მოხდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის წინადადებას კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენების რეგიონში ჩამოყვანის ორგანიზებაში კომიტეტი აქტიურად ჩაერევა და მუნიციპალიტეტებს შესაბამის დახმარებას გაუწევს.
კომიტეტის სხდომაზე რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა, მერების მოადგილეებმა და სამსახურის ხელმძღვანელებმა საკუთარ მუნიციპალიტეტებში სპორტისა და ახალგაზრდობის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს და ის საჭიროებები გამოყვეს, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციის მოსმენა ინტერაქტიულად, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც კომიტეტის წევრები დეტალურად გაეცნენ სპორტული ინფრასტრუქტურის საკითხებს და არსებულ გამოწვევებს.
სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმაში გასატარებელ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც გარკვეული აქტივობების შესრულების ვადების ცვლილებებს შეეხებოდა.
კომიტეტის გასვლითი სხდომა საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ აკადემიის სკოლის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების თაობაზე ინფორმაციის გაცნობით გაგრძელდა. სკოლის დირექტორმა, ლევან გვანცელაძემ და სკოლის მენეჯერმა, გია ისიანმა კომიტეტის წევრებს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს საქართველოს რეგიონებში აკადემიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, დღეისათვის აკადემიას სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 13 ფილიალი აქვთ, სადაც 6-12 წლის მოზარდები ფეხბურთის თამაშს სწავლობენ. მათივე თქმით, აკადემიის მიზანია საფეხბურთო სკოლების მთელ საქართველოს მასშტაბით გახსნა, რათა მომავალ თაობას ადრეული წლებიდან ფეხბურთის პროფესიული სწავლების საშუალება მიეცეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.