logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩემთვის პატივია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მონაწილეობა და საქართველოს პერსპექტივის გაზიარება საკითხზე, რომელმაც მსოფლიო მოიცვა - რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ
- +

28 სექტემბერი. 2023. 22:43

"ჩემთვის პატივია ამ კონფერენციაში მონაწილეობა და საქართველოს პერსპექტივის გაზიარება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელმაც ევროპა და მთელი მსოფლიო მოიცვა - რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამ კონფლიქტმა ძირი გამოუთხარა უსაფრთხოების არსებულ არქიტექტურას, უზარმაზარი ზიანი მიაყენა უკრაინას და მოკლა მშვიდობიანი ევროპის იმედი," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქალაქ დუბლინში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე.

 

 

მისი თქმით, წელიწადზე მეტია დაუცველ და ტურბულენტურ მსოფლიოში ვცხოვრობთ. ტრადიციული გაგებით უსაფრთხოების გამოწვევების გარდა, რუსეთის ომმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ენერგო და სურსათის ბაზრებს, რამაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანზე იქონია უარყოფითი გავლენა.

 

 

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ ამ საუკუნეში ყველაზე მასშტაბური სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის ნორმები. ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი დიდი წნეხის ქვეშ მოექცა. თუმცა, ჩემი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, ეს აგრესია სიურპრიზი არ ყოფილა. მართლაც, საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს მხარდაჭერა მტკიცე და ურყევია არა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო სამართალს, არამედ იმის გამოც, რომ ჩვენ გვესმის უკრაინის ტკივილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო პირველი იყო, ვინც რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია საკუთარ თავზე 2008 წელს გამოცადა რუსეთის მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობის, ეთნიკური წმენდის, საკუთარი სახლებიდან ათეულობით ათასობით ადამიანის გამოყრის, საოკუპაციო ხაზით საზოგადოების გაყოფის სახით.

 

 

მისივე შეფასებით, 2008 წელს რუსულ აგრესიაზე საერთაშორისო რეაგირება სუსტი, დროებითი და არაეფექტიანი იყო.

 

 

„საბედნიეროდ, საქართველოს მაგალითისგან განსხვავებით, დღეს ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე ძლიერ და გაერთიანებულ ევროპულ რეაგირებას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე და დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის წახალისებაზე ისაუბრა.

 

 

მანვე აღნიშნა, რომ კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა საერთო ინტერესის საკითხების განხილვისა და მომავლის ერთობლივ ნაბიჯებზე საერთო ხედვის ჩამოყალიბებისთვის.

 

 

საქართველომ უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯებითაც. ეს გავაკეთეთ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციის, ასევე საქართველოს მიწაზე, დედაქალაქიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით რუსული სამხედროების ყოფნის ფონზე. საქართველო იყო თანაავტორი, შეუერთდა ან მხარი დაუჭირა უკრაინის მხარდამჭერ ასეულობით რეზოლუციას, ერთობლივ განცხადებას თუ სხვა ინიციატივას ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების და ინსტიტუტის ფარგლებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო შეუერთდა რეიკიავიკის დეკლარაციას.

 

 

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს საქართველოს მთავრობას აღნიშნული დეკლარაციის განხორციელების საქმეში.

 

 

ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ახლო მეგობრობის გარდა, ჩვენ გვაკავშირებს მომავლის საერთო ხედვაც - ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა. ჩვენი დამოკიდებულება ნათელი და მტკიცეა და გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნები გააგრძელებენ ამ გზაზე წინსვლას. ახლა საუკეთესო დროა იმ ქვეყნების წახალისების, რომლებიც იცავენ ევროპულ ღირებულებებს და ისტორიულად ეკუთვნიან ევროპულ ოჯახს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინა მოიგებს ამ ომს და საერთაშორისო ძალისხმევა უკრაინის აღდგენისკენ იქნება მიმართული.

 

 

„აგრესორს უნდა შევახსენოთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მშვიდობა უბრალოდ ფუფუნება კი არა, არამედ ის ფუნდამენტური პრინციპია, რომელსაც ჩვენს ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში უნდა ვითვალისწინებდეთ. უნდა დავდგეთ ერთად და მოვითხოვოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა, საზღვრების დაცვა და ყველა ერის უფლებების დაცვა. მტკიცედ მწამს, რომ უკრაინა მოიგებს ამ ომს და შემდეგ საერთაშორისო ძალისხმევა მიმართული იქნება უკრაინის აღდგენა-რეკონსტრუქციისკენ, რაც გააძლიერებს ქვეყნის მედეგობას და ხელახლა შექმნის საფუძველს თავისუფალი და განვითარებული ქვეყნის, რომელიც მჭიდროდ იქნება ინტეგრირებული ევროპისა და გლობალურ ეკონომიკაში. ჩვენი პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, რომ მომავალმა თაობებმა არ იწვნიონ ჩვენი მარცხის შედეგები. საქართველო გააგრძელებს წვლილის შეტანას ისეთ მსოფლიოს მშენებლობაში, სადაც მშვიდობიანი ევროპის იმედები რეალობად იქცევა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner