logo_geo
eng_logo
ნინო თანდილაშვილი: დაცულ ტერიტორიებზე არსებული მართვის სისტემა კიდევ უფრო ეფექტიანი უნდა გავხადოთ
- +

29 სექტემბერი. 2023. 10:18

 

 

პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ეროვნული პლატფორმა გაიხსნა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და მოადგილე იური ნოზაძე დაესწრნენ.

 

პლატფორმის მანდატი დაცული ტერიტორიების განვითარებასთან დაკავშირებული ყველა სტრატეგიულ-პოლიტიკური საკითხის, ასევე, სტრატეგიული დოკუმენტების, კანონპროექტების, რეგულაციებისა და პოლიტიკური პროცესების განხილვას ითვალისწინებს.

 

„დაცული ტერიტორიების ეროვნული პლატფორის საშუალებით, ეროვნულ ადმინისტრაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ეძლევათ კარგი შესაძლებლობა, დაცული ტერიტორიების მართვის კუთხით საუკეთესო პრაქტიკები გაიზიარონ. ამავე პლატფორმის გამოყენებით მოხდება საერთაშორისო მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების კოორდინაციის მექანიზმის ჩამოყალიბება, რაც დაგვეხმარება, დაცულ ტერიტორიებზე არსებული მართვის სისტემა კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

 

ეროვნული პლატფორმის პირველ შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებასა და გამოწვევბზე, პლატფორმის მნიშვნელობასა და ახალი პოლიტიკის დოკუმენტის ხედვებზე გამახვილდა.

 

„ბოლო წლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. შეიქმნა ახალი დაცული ტერიტორიები, რომლებიც იმართება მუნიციპალიტეტების მიერ. შესაბამისად, გაჩნდა ახალი გამოწვევები და საჭიროებები სისტემის განვითარების კუთხით. პლატფორმის მხარდაჭერით ნამდვილად შევძლებთ უკეთესი კოორდინაციის მიღწევას დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის განვითარებისთვის“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

 

დაცული ტერიტორიების ეროვნული პლატფორმის შექმნის საჭიროება ქვეყანაში დაცული ტერიტორიების ქსელის განვითარებამ, მათ შორის, დაცული ლანდშაფტების, მრავალმხრივი გამოყენების დაცული ტერიტორიების, ბიოსფერული რეზერვატების, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიების და სხვა საერთაშორისო ქსელებში ჩართული დაცული ტერიტორიების დაარსებამ განაპირობა. ეროვნული პლატფორმის საშუალებით, ყველა დაინტერესებულ მხარეს თანაბარი შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს სამუშაო შეხვედრებში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

 

„შვედეთის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ბიომრავალფეროვნების რეფორმების გატარებაში, მის აღსრულებაში, მონიტორინგსა და კოორდინაციაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიომრავალფეროვნების კარგვა შეჩერდეს, მით უმეტეს, როდესაც ასეთი გლობალური გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო, ეკოსისტემების შენარჩუნება, მათი დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პლატფორმა ამ სისტემურ რგოლში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“, - აღნიშნა საქართველოში შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზალდასტანიშვილმა

 

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner