საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სპეციალური აღჭურვილობა - პასპორტის წამკითხველები გადასცა.
აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი - სანია ჩელებიჩ ლუკოვაჩი და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი - ევია კოტანი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაცემული უახლესი ტექნიკური საშუალებები საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე განთავსდება და ხელს შეუწყობს სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანობის ამაღლებასა და სამგზავრო დოკუმენტების შემოწმების პროცედურის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაძლებლობებს უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით.
აღჭურვილობის გადაცემა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტების - “ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE) - ინტეგრირებული საზღვრის მართვა (SAFE IBM)” და "საზღვრისა და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)" - ფარგლებში განხორციელდა.