ავტორი თაკო კვარაცხელია
„პროდასავლური ჯგუფების მხრიდან საქართველოში დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალებისა და ”მაიდანის” მოწყობის აღსაკვეთად, „ანტიმაიდანის მოძრაობა“ ყალიბდება“ - ამ განცხადების ავტორი „კონსერვატიული მოძრობისა“ და ტელეკომპანია ”ალტ-ინფოს” დამფუძნებლები არიან. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, „მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება თანამოაზრეების ორგანიზება იმ ერთობაში, რომლის შინაარსიც იქნება შესაძლო „მაიდანისთვის” წინააღმდეგობის გაწევა“. რამდენად რეალურია „მაიდანიზაციის“ საფრთხე საქართველოში და ვის რა როლი უნდა დაეკისროს, რათა სუს-ის მიერ, სულ ცოტა ხნის წინ გაჟღერებული ოპოზიციის გეგმები არ შესრულდეს? „რეპორტიორის“ სტუმარია უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, რომელმაც „ანტი-მაიდანს” მხარდაჭერა ღიად უკვე გამოუცხადა.
- ქალბატონო ნანა, აქტიურად მიმდინარეობს საუბარი საქართველოში ე.წ. „მაიდანის” მოწყობაზე, სულ ცოტა ხნის წინ, ამასთან დაკავშირებით განცხადება სუსმაც გააკეთა. განცხადების მიხედვით, რადიკალური ოპოზიცია საქართველოში „მაიდნის“ მსგავსი სცენარის განმეორებას გეგმავს და დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალებას სცენარს ამუშავებს. მოდით ჩვენი საუბარი „მაიდნის“ ფენომენის ახსნით დავიწყოთ... რა პროცესი იყო ეს უკრაინაში, რა მოუტანა მან ქვეყანას, უკრაინელ ხალხს და იყო თუ არა ეს ის მოვლენა, რომლის ქართული ანალოგის გამეორებამ, შეიძლება რაიმე სასიკეთო ცვლილებები მოუტანოს ქვეყანას?
- სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილს აქვს აღქმა, რომ ”მაიდანი” - ეს იყო უკრაინის ევროპეიზაცია და თითქოს ამ პროცესმა უკრაინას მეტი დემოკრატია მოუტანა. სინამდვილეში, ამ პროცესმა უკრაინას მოუტანა ტერიტორიების დაკარგვა, შიდა ლტოლვილთა, ანუ იძულებით გადაადგილებულ პირთა მთელი არმია, ოთხჯერ გაუფასურებული და „გაკუპონებული“ გრივნა, ჩამოშლილი ეკონომიკა და აყვავებული კორუფცია! აღარაფერს ვამბობ უამრავ შეწყვეტილ სიცოცხლეზე... ვიღაცა მეტყვის, რუსეთი რომ თავს დაესხა უკრაინას, სწორედ ამის შედეგია ის, რაც ჩამოთვალეთო, მაგრამ არა, ეს ასე არ არის! ყველაფერი რაც მე ჩამოვთვალე, მოხდა ომამდე და მოხდა სწორედ ამ ავადსახსენებელი ”მაიდნის” გამო. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გაქცევისა და სათავეში ვლადიმერ ზელენსკის მოსვლის მერე, დაიხურა ყველა ოპოზიციური ტელეარხი, საქმიანობა აეკრძალა ყველა ოპოზიციურ პარტიას და დამყარდა ფაშიზმზე სასტიკი რეჟიმი. ის, რაც უკრაინამ იწვნია, ჯერ კიდევ არაა ბოლომდე დათვლილი და გაანალიზებული, რადგან ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და რუსების გამოთქმისა არ იყოს, „Когда пушки гремят, музы молчат“. თუმცა, როცა დამთავრდება ომი და შემოდგომაზე წიწილებს დაითვლიან, ყველა ნახავს, თუ რა მასშტაბის ზიანი მოუტანა უკრაინას „მაიდანმა”. ყველა იმ ნაძირალამ, ვინც საქართველოში მაიდანიზაციის პროცესზე საუბრობს, დანამდვილებით იცის, რაც მოუტანა უკრაინას ამ ყოველივემ და სრულებით გამიზნულად ეწევიანნ მის პროპაგანდას საქართველოში.
- თქვენი აზრით, რა ამოძრავებს ამ ხალხს, გამიზნულად რატომ ღუპავენ ქვეყანას, რატომ ითრევენ საქართველოს სისხლისღვრაში და ვინ დგას მათ უკან? ხომ ფაქტია, რომ ცალკე, დამოუკიდებლად ისინი, ასეთი მასშტაბის ავანტურაზე წასვლას ვერ გაბედავენ და ვერც მოახერხებენ...
- სამშობლოსათვის თავის გაწირვა ოდესღაც ღირსებად თუკი ითვლებოდა, დღეს ამ უღირსებმა წესად პირადი ინტერესებისთვის სამშობლოს გაწირვა დაამკვიდრეს. რაც შეეხება იმას, თუ ვინ დგას მათ უკან... რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი, რა უნდა გააკეთოს პოლიტიკაში დამოუკიდებლად ხაბეიშვილმა ან ქუჩაში რამდენი ადამიანის გაყვანას შეძლებენ ხაზარაძის „ლეკვები“?! ევროპაც კი ვერაფერს აკეთებს აშშ-ისგან დამოუკიდებლად და ხაბეიშვილი დამოუკიდებლად რის გამკეთებელია?! როგორც მარიონეტი ზელენსკის უკან იდგა კოლექტიური დასავლეთი, ასევე დგას იგი ქართველი რადიკალების უკანაც. მათი წაქეზებითა და დაკვეთით იმართება მთელი რიგი პროცესები.
- ქალბატონო ნანა, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, ღიად და გაცხადებულად, ევროპული კურსის გამტარებელია და ყველა წინა ხელისუფლების მსგავსად ამტკიცებს, ჩვენი არჩევანი ევროკავშირი და ნატო არისო. თქვენი აზრით, ამის მიუხედავად, რატომ ვერ მიიღო კოლექტიურმა დასავლეთმა ღარიბაშვილის ხელისუფლება „მისიანად“, რატომ იბრძვიან გააფთრებით მათ დასამხობად და რატომ სურთ ხელისუფლებაში სააკაშვილისა და მისი ანასხლეტების დაბრუნება?
- „ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის დასავლეთის ჯიბიდან გამოზრდილი ხალხი. ოპოზიციის წევრები კი, დასავლეთში გაიზარდნენ, დასავლეთში იქცნენ აგენტებად და მათი სპეცსამსახურების კვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბდნენ. ჩვენი ხელისუფლება როდესაც ამბობს, ჩვენ პრო-დასავლური კურსის გამტარები ვართ და დასავლეთთან ინტეგრაცია გვინდაო, იმ ღირებულებების ერთგულებას გულისხმობს, რა ღირებულებებიც დასავლეთს ღიად აქვს გაცხადებული - დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა და სიტყვის თავისუფლება. მოქმედ ხელისუფლებას ეს ღირებულებები მოსწონს, თუმცა, რეალურად, ევროპა და აშშ თავიანთი დამპყრობლური პოლიტიკის გასატარებლად, ამ ღირებულებებს მხოლოდ ფასადად იყენებს. კოლექტიურმა დასავლეთმა ზარბაზნების მაგივრად, მშვენიერი ინსტრუმენტი იპოვა ქვეყნების დასაპყრობად, რაც გაცილებით ეფექტურიცაა, გაცილებით იაფიც და გაცილებით ცივილიზებულადაც გამოიყურება. მოდით რეალურად გავიაზროთ მოვლენები და ვნახავთ, რომ სიტყვის თავისუფლება არათუ დასავლეთის მიერ დაპყრობილ ქვეყნებში, არამედ თავად აშშ-შიც კი არ არის... აბა, გაბედოს ამერიკელმა მშობელმა და ლგბტ პროპაგანდა გააპროტესტოს, ან თქვას, რომ არ სურს მისი შვილი გეი იყოს, ან აუკრძალოს მას სრულწლოვანებამდე სქესის გადაკეთება, რა მოხდება? რა მოხდება და, მას ჩამოართმევენ მშობლობის უფლებას და ციხეში გაუშვებენ! ესაა სიტყვის თავისუფლება და ესაა დემოკრატია?! ეს ყოველივე ფასადური ინსტრუმენტია საზოგადოების „დაბოლების”, დამონებისა და დამორჩილების, მისი გარყვნის, გადაგვარებისა და გადაჯიშების! ჩვენი ხელისუფლება ამ ყველაფერზე არ მიდის, ამ სიბინძურის პროპაგანდას ხელს არ უწყობს, ისინი არ თანხმდებიან დასავლეთის მონურ მორჩილებას და ზუსტად ამიტომ არ მიიღეს ამ კრიმინალმა ნეო-ლიბერალებმა თავისიანებად „ქართული ოცნება“ და საქართველოს მოქმედი ხელისუფლება.
- ქალბატონო ნანა, ისევ „მაიდნის” თემას რომ დავუბრუნდეთ... „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ და „ალტ-ინფოს” დამფუძნებლებმა „ანტი-მაიდანი” დააანონსეს, თქვენ ამ მოძრაობას ღია მხარდაჭერა გამოუცხადეთ. როგორია თქვენი მოლოდინები, რა უნდა გააკეთოს ერთმა კონკრეტულმა მოძრაობამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ჩაშლისა და დაძაბულობის ესკალაციისთვის ხელის შესაშლელად?
- ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტული ძალის მიზანი საზოგადოების ინფორმირება იქნება. ამ პროცესში, ერთი კონკრეტული გაერთიანება კი არა, მთელი პროგრესული საზოგადოება უნდა ჩაერთოს. „ალტ-ინფო” საინფორმაციო საშუალებაა და ამიტომ ვვარაუდობ, რომ ისინი საზოგადების მეტად ინფორმირებას შეძლებენ, მოუყვებიან, აუხსნიან ხლხს თუ რა მოუტანა უკრაინას „მაიდანმა”, რა მოჰყვა ამ პროცესს, როგორ ისარგებლა დიქტატორმა ზელენსკიმ, როგორ ჩაიგდო ხელში ხელისუფლება, როგორ ჩაითრია ქვეყანა ომში და როგორ დააყენა ქვეყანა ყოფნა-არყოფნის წინაშე. ასე ვხედავ მე ამ მოძრაობის ფუნქციას. ისინი მოუყვებიან ხალხს ყოველივე იმის შესახებ, რაზეც მე და თქვენ ამ ინტერვიუში ვსაუბრობთ. ისინი გამოაფხიზლებენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც გამოფხიზლება აშკარად სჭირდება.
- და ბოლოს, თქვენი აზრით, რამდენად გაცნობიერებული აქვს ქართული საზოგადოების უმრავლესობას, რომ წლის ბოლოს, კანდიდატის სტატუსზე უარის მიღების შემთხვევაში, არ უნდა გამოვიდენენ ქუჩაში და არ უნდა მისცენ ოპოზიციას მათი გამოყენების საშუალება, რათა გაუცნობიერებლად არ შეუწყონ ხელი რადიკალების პროვოკაციებს და, მათდა უნებურად, იმ მოვლენათა ეპიცენტრში არ აღმოჩნდნენ, რომელმა მოვლენებმაც, შესაძლოა, ქვეყანა სისხლისღვრამდე მიიყვანოს?
- რა თქმა უნდა, საზოგადოების დიდ ნაწილს ეს გაცნობიერებული აქვს, მაგრამ მაინც მინდა ერთი მაგალითი გავიხსენო... სააკაშვილის რეჟიმის დროს, პატიმართა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზე ვიყავით, თითქმის ყველა მეორე ოჯახში იყო ერთი პატიმარი და ყველა ეს პატიმარი იყო ნაწამები. ანუ, საქართველოში თითქმის ყველა მეორე ოჯახმა, საკუთარ თავზე გამოსცადა რაც ხდებოდა მაშინ ქართულ ციხეებში. მაგრამ, ამისდა მიუხედავად, არჩევნების ბედი მაინც ციხის კადრების გავრცელებამ და ვიდეო-ჩანაწერებმა გადაწყვიტა, კადრებში ყველა მათგანმა ნახა ის, რაც ისედაც იცოდა, თუმცა საზოგადოების აღშფოთებამ კულმინაციას მაინც ამ კადრების ნახვით მიაღწია... სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მედიას დღეს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ვფიქრობ, რომ ”ალტ-ინფომ” უნდა აკეთოს კლიპები, ვიდეო რგოლები, გრაფიკები, გადაცემები იმის შესახებ, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, მოუყვნენ მაყურებელს უკრაინაში ”მაიდნის” პროცესის მიმდინარეობაზე და მის დამღუპველ შედეგებზე. თუ ეს მოძრაობა მუშტებზე ყურებას და ნაციონალებთან ჭიდაობას აპირებს, ამაში მე მათ გვერდში არ დავუდგები, რადგან დასავლეთს მუშტებით ვერ მოვერევით. ჩვენ, ჩვენი ხალხის ინფორმირებით, მათი თვითშეგნების ამაღლებით უნდა მოვერიოთ იმ მონსტრს, რასაც ნეოფაშიზმი ჰქვია! ჩვენ ხაბეიშვილს კი არა, მსოფლიოზე გაბატონებულ საერთაშორისო მაფიას ვუპირისპირდებით. ეს ბრძოლა მარტივი არ იქნება!