logo_geo
eng_logo
კახა კალაძე თანამდებობას ტოვებს
- +

8 სექტემბერი. 2016. 14:52



არჩევნებში მონაწილეობის გამო მინისტრის თანამდებობის დატოვება მთავრობის კიდევ ერთ წევრს - ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს უწევს.



კალაძე მმართველი გუნდის პარტიული სიის მე-2 ნომერი იქნება, კანონმდებლობის მიხედვით კი, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია.



არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ ცესკო-ში საარჩევნო სიის წარდგენის ვადა დღეს იწურება, ხოლო „საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელი თანამდებობები შემდეგია: საქართველოს პრეზიდენტი; მინისტრები (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა), აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები; ეროვნული ბანკის საბჭოს და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრები; გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები; სახელმწიფო რწმუნებულები - გუბერნატორები და მათი მოადგილეები; საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, ქალაქის მერი; საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები; მოსამართლეები; საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე; საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები; საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები; პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები; კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები.



აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც ცესკო-ს მიერ საარჩევნოდ განსაზღვრულ ღონისძიებათა გრაფიკითაა გაწერილი, „საარჩევნო კოდექსის" 112-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული (პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი ან/და პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატი) პირების დაკავებული თანამდებობიდან გადადგომისა და გათავისუფლების ბოლო ვადა 10 სექტემბერია. შესაბამისად, კალაძეს თანამდებობის დატოვება სწორედ 10 სექტემბრამდე მოუწევს. მის გარდა არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით მინისტრთა კაბინეტი უნდა დატოვოს მთავრობის კიდევ ერთმა წევრმა - სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, რომელიც, ასევე „ქართულმა ოცნებამ" მარტვილისა და აბაშის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner