logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ონოფრიშვილი: სამთო-სათხილამურო კურორტებზე მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს
- +

ავტორი ანა ფერაძე

8 სექტემბერი. 2016. 15:11


 


მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა „რეპორტიორთან" ინტერვიუში სათხილამურო კურორტების განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზამთრის სეზონისთვის სხვადასხვა კურორტებზე მასშტაბური პროექტები იგეგმება.



- რას სთავაზობთ ზამთრის კურორტებზე დამსვენებლებს?

 

- ბაკურიანი-მიტარბი მასშტაბური და გრძელვადიანი პროეტია, რაც გულისხმობს ბაკურიანი-მიტარბის ტერიტორიაზე ოთხსეზონიანი სამთო კურორტის მშენებლობასა და განვითარებას. 2017 წლამდე მოხდება კოხტაგორის მიმდებარე ტერიტორიის განვითარება, სადაც განთავსდება 2000 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა - სასტუროები, აპარტჰოტელები, შალეები და გასართობი ობიექტები.


ბაკურიანი-მიტარბის პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობთ ხორციელდება. დაბა მიტარბში მიმდინარეობს სამი საბაგიროს მშენებლობა, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება. კურორტი 30-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ მიიღებს ვიზიტორებს.


ფრანგულ კომპანია „GEODE"-ს დავუკვეთეთ სოფელ მიტარბის განვითარების გეგმა, რომელიც ადაპტაციას გადის ქართულ კანონმდებლობასთან. საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა ჩვენ დავგეგმავთ კურორტის განვითარებას და მასზე ქაოტური განაშენიანება არ მოხდება.


ასევე, გუდაურში იგეგმება მაშტაბური პროექტი, რომელიც გუდაურის განვითარებას შეეხება, მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო კანადურმა კომპანია „ეკოზაინმა" მოამზადა. გეგმა ითვალისწინებს კობი-გუდაურის სამთოკურორტის განვითარების ახლებურ ხედვას, მის ტერიტორიაზე დამატებითი ტურისტული ინფრასტრუქტურის მსენებლობას. პროექტმა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს მისი საინვესტიციო მიმზიდველობა. საერთაშორისო დონის კურორტად ქცევისთვის თანმიმდევრული განვითარება უკვე დაწყებულია.


მნიშვნელოვანია მიწათსარგებლობის გეგმა, რომელიც გუდაურს დიდი ხანია აწუხებს. ინვესტორებისთვის გუდაური უფრო საინტერესო უნდა გახდეს. კურორტი კლასტერად იქცევა და სოფელ კობის მეშვეობით ყაზბეგთან დაახლოებული იქნება.


გუდაურში მთავარი სიახლე „დოპელმაიერის" ფირმის ახალი საბაგირო და 2 საჩოჩიალოა, მიწის სამუშაოები უკვე დაწყებულია. საბაგირო სეზონზე აუცილებლად გაიხსნება. ახალი საბაგიროს დამონტაჟებით განიტვირთება რიგები.


ასევე სამუშაოები მიმდინარეობს სვანეთში, „თეთნულდის" კურორტზე. თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავასიაში ყველაზე გრძელი (9,5კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1,7კმ )იქნება.


თეთნულდის პროექტი ოთხი საბაგიროს დამონტაჟებას ითვალისწინებს. აქედან ორი დასკვნით ფაზაშია, დანარჩენ ორზე, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს სამუშაოები. ამ კურორტს უნიკალური ხარისხის თოვლი და ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რაც მას აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად აქცევს. კურორტზე სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.


მაღალმთიან აჭარაში კურორტ გოდერძიმ, რომელიც „ფაუდერის" მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა, 6 ათას ტურისტზე მეტი უკვე მიიღო. რაც პირველი წლისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მომავალ სეზონზე კი, რა თქმა უნდა, უფრო მეტ ვიზიტორს ველოდებით.

 

- რამდენ მოთხილამურეს მოემსახურება კურორტი თეთნულდი?

 

- კურორტი თეთნულდი ერთდროულად 7000 მოთხილამურის მიღებას შეძლებს.


- რა სამომავლო გეგმები აქვს მთის კურორტების კომპანიას?


- ბაკურიანის განვითარების გეგმებში ბიატლონის ინფრასტრუქტურის პროექტირებაც შედის. მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული სპორტის სახეობა ბაკურიანშიც არანაკლებ პოპულარული იქნება.


მოხდება სპორტული ნაკრებების გადამზადება და ჯგუფების მოზიდვა. მსოფლიო სტანდარტების ბიატლონის ტრასები აშენდება და კურორტი სპორტულ შეჯიბრებებს უმასპინძლებს. ასევე გვინდა, გაკეთდეს ჰოკეის მოედანი.


გაზაფხულზე იგეგმება ბაკურიანში ოლიმპიური სტანდარტების ტრამპლინების მშენებლობა. პროექტის განსახორციელებლად საქართველოს ეწვია საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ტრამპლინზე ხტომის მიმართულების დირექტორი ვალტერ ჰოფერი.


სვანეთში მულახის თემი, გვინდა, მთლიანად ავითვისოთ. წელს დაგეგმილია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გააკეთოს სოფლის სივრცითი დაგეგმარების გეგმა. ეს ადგილობრივ მოსახლეობასაც წაადგება და ქვეყანასაც.


ასევე მნიშვნელოვანია ახალი საბაგირო, რომელიც დააკავშირებს მესტია-ჰაწვალს.


რაც შეეხება კურორტ გოდერძის, ვმუშაობთ, რათა მოხდეს სასტუმროების განაშენიანება, დამსვენებელმა კომფორტულად რომ იგრძნონ თავი.


ეკონომიკის სამინისტროს მიერ საინვესტიციო ფორუმის ჩატარებამ, რომელსაც უცხოელი ინვესტორებიც სტუმრობდნენ, შედეგი მალევე გამოიღო. ინვესტორებმა კურორტის ტურისტული პოტენციალი ახლოს გაიცნეს და გადაწყვეტილებაც მიიღეს. ერთი სასტუმროს მშენებლობა უკვე დაიწყო, ძალიან მალე დაიწყება მეორე სასტუმროს მშენებლობაც.


ასევე მიმდინარეობს სამთო და სათხილამურო მაშველთა კოლეჯის  „ტურიზმის ლიდერთა სკოლა" დაფუძნება. ქართველი და უცხოელი ტრენერები მოამზადებენ პროფესიონალ სათხილამურო მაშველებს და ინსტრუქტორებს დასავლური სტანდარტების შესაბამისად.


პროექტი დააფუძნეს განათლების სამინისტრომ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ „და სამთო გიდების ასოციაციამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner