logo_geo
eng_logo
ქეთი დუმბაძე: ტყუილად ცდილობენ მწერალთა სახლისთვის გადმობრალებას!
- +

29 სექტემბერი. 2023. 22:09

 

 

ფრანკფურტის ფესტივალთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე ვესაუბრებით მწერალთა სახლის ხელმძღვანელს, ქალბატონ ქეთევან დუმბაძეს.

 

– ქალბატონო ქეთევან, ერთ თვეზე ნაკლებ დროში, 18 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა იხსნება. რა ეტაპზეა მოსამზადებელი სამუშაოები ღონისძიებაზე საქართველოს წარმოსადგენად და იქნებიან თუ არა ფრანკფურტის ბაზრობაზე საქართველოს სტენდზე წელს წარმოდგენილი ბოიკოტში მყოფი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები?

 

– ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყნის პრიორიტეტია სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის – მწერალთა სახლის მიერ წიგნის საერთაშორისო ბაზრობებსა და ფესტივალებში მონაწილეობის გზით ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია. უაღრესად მნიშვნელოვანია ფრანკფურტის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობა, რათა შენარჩუნდეს გასულ წლებში მიღწეული წარმატება. სწორედ ამ მიზნით ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილია ფინანსური რესურსი, რაც გულისხმობს საგამოფენო სტენდის იჯარის, წარსადგენი წიგნების ტრანსპორტირებისა და სტენდთან მომუშავე მწერალთა სახლისა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თანამშრომელთა მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯების ანაზღაურებას.

 

მიმდინარე წლის 4 სექტემბრამდე ამ პროცესს ხელმძღვანელობდა მწერალთა სახლის მოადგილე, უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელიც იმავდროულად ასრულებდა დირექტორის მოვალეობას. მე იგი არ დამხვედრია სამსახურში, არ ჩავუყენებივარ საქმის კურსში.  აქედან გამომდინარე, ჩემთვის, სამწუხაროდ, უცნობი იყო საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების დეტალები. ასევე, უცნობია ინფორმაცია ასოციაციის მიერ ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ. მწერალთა სახლის ადმინისტრაციამ ორჯერ წერილობით მიმართა დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეეწყვიტა შვებულება, რათა გამოცხადებულიყო სამსახურში და საქმის კურსში ჩავეყენებინეთ, რაც მისი მხრიდან იგნორირებული იყო.

 

ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის განხორციელების მიზნით და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აგრეთვე ორგანიზაციებს შორის დამკვიდრებული თანამშრომლობის და ამ დრომდე ურყევი ტრადიციის გათვალისწინებით, ვთვლიდი, რომ უმოკლეს დროში შევძლებდით ა(ა)იპ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასა და სსიპ მწერალთა სახლს შორის სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას. მით უმეტეს, რომ ბოიკოტში მყოფი გამომცემლების საჯარო განცხადების თანახმად ისინი არ აპროტესტებდნენ 4 სექტემბრამდე ანუ ჩემს მწერალთა სახლში მოსვლამდე დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობას.

 

მწერალთა სახლი აგრძელებს წლების განმავლობაში,  დამკვიდრებულ ტრადიციას და ერთგული რჩება ამ გზის. იგი რეალისტურად უდგება ქვეყნისთვის რეპუტაციულად უმნიშვნელოვანეს თემას და თვლის, რომ დღეს, როცა 20 დღეა დარჩენილი ფრანკფურტის ფესტივალამდე იგი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას და ვერ გადაიბარებს საორგანიზაციო საკითხებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მწერალთა სახლის მზაობას კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. მზად ვართ დღესვე მოეწეროს ხელი ხელშეკრულებას და დღესვე გადმოირიცხოს თანხა ასოციაციის ანგარიშზე, რათა არ შეფერხდეს ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი საერთაშორისო  პროექტის განხორციელება.

 

სამწუხაროდ, ასოციაციისგან არ ჩანს ამის მზაობა, რასაც ადასტურებს ამ ხნის განმავლობაში ასოციაციისა და მწერალთა სახლის ყოფილი  ხელმძღვანელების 4 სექტემბრამდე ანუ ჩემ დანიშვნამდე, ფრანკფურტის ფესტივალის საქმეებზე პასუხისმგებელი პირების მიზანმიმართული პასიურობა, დუმილი, გამოცხადებული ბოიკოტი და საბოლოოდ სურვილი, მწერალთა სახლის ახალ გუნდს დაჰბრალდეს ფესტივალის ჩაშლის პასუხისმგებლობა. გადაწყვეტილება, რომელიც  შეიძლება საბოლოოდ მიიღოს და როგორც ჩანს, მიიღებს გამომცემელთა ასოციაცია, მინიმუმ არაპროფესიონალური და არაკოლეგიალურია. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს ქვეყნის და ქართული ლიტერატურის,  ავტორებისა და გამომცემლების იმიჯისთვის უკიდურესად დამაზიანებელია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner