logo_geo
eng_logo
ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე: არის თემები, რომელთან მიმართებით შეიძლება იყო ოპოზიციაში მთავრობასთან, მაგრამ არ უნდა იყო ოპოზიციაში შენს სახელმწიფოსთან
- +

29 სექტემბერი. 2023. 22:37

 

 

„ჩვენ მთავარი აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე, რომ საერთაშორისო სანქციები საქართველოში არ ირღვეოდა, არც ბრძანების მიღებამდე (სებ-ი) და არ ირღვევა, არც აღნიშნული ბრძანების მიღების შემდეგ“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო „განუხრელად“ განაგრძობს საერთაშორისო სანქციების დაცვას.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი ამ პროცესში არის ის, რომ საქართველო ბრძანებამდე და ბრძანების შემდეგაც, ასრულებდა საერთაშორისო სანქციებს და მომავალშიც შეასრულებს. ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება ჩვენს პოლიტიკაში არ იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სანქციების შესრულება ქვეყნისთვის, როგორც ვაჭრობის ნაწილში, რომლის რეგულატორიც არის ფინანსთა სამინისტრო, ისე - საფინანსო მიმართულებით, რომლის რეგულატორიც არის ეროვნული ბანკი. სანქციების შესრულება გაგრძელდება - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი, რაც შეიძლება მივიტანოთ ჩვენს პარტნიორებამდე. მეორე მხრივ, ასევე, მნიშვნელოვანია, თუ რაიმე შეკითხვა იქნება კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო, მზად არიან ყველა ამ კითხვას გასცენ პასუხი. შესაბამისად, როგორც ვაჭრობის, ისე საფინანსო ნაწილში, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა შეკითხვას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ მიმართულებით, გაეცემა ის პასუხი, რომელიც დამაკმაყოფილებელი იქნება ჩვენი პარტნიორებისთვის. შესაბამისად, კონცენტრირება უნდა გავაკეთოთ იმაზე, რომ საერთაშორისო სანქციებს საქართველო იცავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველასთვის - საქართველოსთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის, საფინანსო სექტორისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

როგორც მან აღნიშნა, საფინანსო სექტორში გარკვეული დაძაბულობის შეტანა დამაზიანებელი იქნება მთლიანად ქვეყნისთვის.

 

„დამიჯერეთ, არავისთვის იქნება მომგებიანი საფინანსო სექტორში გარკვეული დაძაბულობის თუ აჟიოტაჟის შეტანა. ეს დააზიანებს ყველას, მათ შორის, როგორც ქვეყანას, საქართველოს მთავრობას, ისე ოპოზიციას. მესმის, რომ ჩვენს ოპონენტებს აქვთ თავიანი პოლიტიკური დღის წესრიგი, თუმცა არის თემები, რომელთან მიმართებით, შეიძლება იყო ოპოზიციაში მთავრობასთან, მაგრამ არ უნდა იყო ოპოზიციაში შენს სახელმწიფოსთან. სანქციებთან დაკავშირებული ის განცხადებები და ბრიფინგები, რომელიც ფაქტობრივად, სიცრუეზე იყო აგებული და არცერთი ფაქტი არ დადასტურდა - იყო მიმართული სახელმწიფოს და არა მთავრობის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, აქცენტი გავაკეთოთ მაქსიმალურად მნიშვნელოვან თემებზე. გავუფრთხილდეთ ჩვენს საფინანსო სექტორს, მის რეპუტაციას. მით უფრო, არ არის სასურველი ყალბი ინფორმაციების გავრცელება სანქციებთან მიმართებით. ალბათ, მეათე ან მეთხუთმეტე განცხადებაა ფინანსთა სამინისტროსგან ამგვარი მოწოდების, თუმცა ასეთი ფაქტები კიდევ გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების კოორდინატორებმა, ჩვენმა პარტნიორებმა არაერთხელ ძალიან მკაცრად დააფიქსირეს, რომ საქართველო არის სანიმუშო ქვეყანა სანქციების აღსრულების მიმართულებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner