„საქართველოში არავინ დაუშვებს არეულობას, დესტაბილიზაციას და ამ გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს სამოქალაქო არეულობის სავარაუდო გეგმაზე საუბრისას განუცხადა.
„მინდა ყველას ვუთხრათ და შევახსენოთ, რომ აი, ეს ცხელი თავები სასწრაფოდ გაიგრილონ, რამეთუ ჩანასახშივე იქნება აღმოფხვრილი ყოველგვარი მცდელობა. ჩვენ არ დავუშვებთ და ყველას გავცემთ კანონიერ, მაგრამ ძალიან პრინციპულ პასუხს, ქვეყანაში სისხლისღვრისა და არეულობის მცდელობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ წუთებში ჯგუფ „კანვასის“ სამი წევრის, სერბეთის მოქალაქეების გამოკითხვა მიმდინარეობს.