პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, შალვა ლომიძეს მოუსმინეს.
სამსახურის უფროსმა ჯგუფის წევრებს რეგიონული უსაფრთხოების გარემოს შესახებ ინფორმაცია წარუდგინა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
ნდობის ჯგუფის მეორე მოსმენა, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების პროექტის მოსმენას დაეთმო. ფინანსთა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა კანონმდებლებს ბიუჯეტის პროექტის ის დეტალები წარუდგინეს, რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჯარო ფორმატში არ განიხილება.
როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის/ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, ნდობის ჯგუფის მოსმენები თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროს მიკუთვნებულ მნიშვნელოვან საკითხებზე გაიმართა.
„დაზვერვის სამსახურისგან მოვისმინეთ ინფორმაცია რეგიონული უსაფრთხოების გარემოს შესახებ, იმაზე თუ რა ხდება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ზონაში, აგრეთვე ჩვენს ირგვლივ, ფართო რეგიონშიც, როგორ იცვლება არსებული ვითარება და რა გავლენა აქვს ან შესაძლოა ჰქონდეს ამ პროცესებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რა ნაბიჯები იდგმება საფრთხეების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის და მათი განეიტრალების მიზნით. დაზვერვის სამსახური გვაწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას, იმისათვის, რომ ჩვენ, პოლიტიკოსებს რეალურ დროში გვესმოდეს უსაფრთხოების გარემოს მაჯისცემა, გვქონდეს სრული სიტუაციური ცნობიერება იმის შესახებ თუ რა ხდება ჩვენს გარშემო და იმისთვის, რომ მივიღოთ დროული და ინფორმირებული გადაწყვეტილებები. მეორე საკითხი, რასაც ნდობის ჯგუფის სხდომა დაეთმო იყო სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების განხილვა, სადაც მომხსენებელმა უწყებებმა, ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროებმა დეტალურად გაგვაცნეს თუ რაში დაიხარჯება თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი დამატებითი ასიგნებები”, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ნდობის ჯგუფი შექმნილია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში და მისი მანდატი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში შემავალი უწყებების საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებზე ზედამხედველობაა.
საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, ნდობის ჯგუფის შემადგენლობაში არიან ირაკლი ბერაია (ჯგუფის თავმჯდომარე), ანრი ოხანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე, ხოლო ოპოზიციის მხრიდან თემურ ჯანაშია. 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ნდობის ჯგუფმა 10 სხდომა გამართა.