logo_geo
eng_logo
„ვწერდი იმიტომ, რომ ვიცოდი, იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდი“ – „ჰეროკრატიას“ რეალური გმირის ისტორია
- +

8 სექტემბერი. 2016. 15:46



გოგა ხაინდრავას ფილმის, „ჰეროკრატიას" ერთ-ერთი გმირი, ყოფილი პატიმარი, ალექსანდრე ახალკაცია. მან გადაცემა „ღია ეთერში" ისაუბრა, თუ რატომ მოხვდა საპატიმროში. როგორც თავად ამბობს, ფილმში მონაწილეობაზე რეჟისორს სიამოვნებით დათანახმდა, რადგან მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი, რაც მაშინ საპატიმროებში ხდებოდა.


„ჩემი ისტორია დაიწყო მაშინ, როცა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მოვხვდი, ეს იყო 2006 წელი. მე ჩავირიცხე საერთაშორისო ურთიერთობებზე 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით. არაფერი გამიკეთებია, იმის გარდა, რომ მესწავლა სხვა ახალგაზდრების მსგავსად. იქ აღმოვჩნდი აბსოლუტურად სხვა რეალობაში, სადაც მაშინდელი უნივერსიტეტის თვითმმართველობა, პირდაპირ გეტყვით, იყო ზონდერ ბრიგადა. ეს იყო „ნაციონალების" მიერ ხელდასხმული ჯგუფი, რომლებიც სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მე, როგორც 18 წლის ახალგაზრდას, ჯანსაღად მოაზროვნეს, არ შემეძლო, ამ ყველაფერზე თვალი დამეხუჭა. ჩემი მეგობრები, თანატოლები, რომლებიც განსხვავებული აზრის, პროტესტის გამო იჩაგრებოდნენ - თვითმმართველობის წარმომადგენელი 10 ლარს აძლევდა მათ, რომ წასულიყვნენ და აქციაზე „მიშა-მიშა" ეყვირათ, არ მიდიოდნენ და ამის გამო კაბინეტში შეჰყავდათ და სცემდნენ, ეს იყო საშინელება. ამ ყველაფერზე ჩვენ ხმა ამოვიღეთ. მაშინ „რეაქცია" სწორედ ამ სტუდიიდან გადიოდა და ძალიან ხშირი სტუმრები ვიყავით გადაცემის, სადაც ყველაფერზე ხმამაღლა ვლაპარაკობდით. 2007 წელს გიორგი ავალიანი იყო თვითმმართველობის პრეზიდენტი, დაპირისპირება გვქონდა დათო კირკიტაძესთან, მის ნათესავთან, მოკლედ, ვუპირისპირდებოდით „ნაციონალებს". ამ ყველაფრის გამო, ძარცვის ბრალდებით საპატიმროში აღმოვჩნდი, რომ თითქოს გოგონას მობილური ტელეფონი წავართვი. ამ საქმეში აბსურდი იყო ის და ფილმშიც მშვენივრად არის ყველაფერი ნაჩვენები, რომ იმ დღეს, როდესაც თქვეს, გოგონას ტელეფონი წავართვი, წავიღე და გავყიდე, სწორედ იმ დროს მარჯანიშვილის თეატრში, წლის საუკეთესო მოთხრობისთვის მინისტრი კახა ლომაია პირადად მაჯილდოვებდა. ამ დღიდან იწყება ჩემი ისტორია და ფილმშიც ასეა", - აცხადებს ალექსანდრე ახალკაცი.


ახალკაცი საუბრობს წიგნზე, რომელიც მან 2010-2011 წლებში დაწერა. იგი ამბობს, რომ წიგნში გადმოცემულია, თუ როგორ აწამებდნენ და კლავდნენ განსხვავებული აზრის გამო ახალგაზრდა ადამიანებს.


„ბატონმა გოგამ ჩემს ეპიზოდს, საფუძვლად ჩემივე წიგნი „გამოცდა ხელბორკილით" დაუდო. საერთოდ არ არსებობდა მაშინ ციხის კადრები, როდესაც ამ წიგნის წერა დავიწყე, რომელსაც 2010-2011 წლებში ვწერდი. ვწერდი იმიტომ, რომ მე ზუსტად ვიცოდი, იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდი. სააკაშვილს შეწყალებაზე უარს ვეუბნებოდი, რადგან მე არ ვიყავი კრიმინალი და მას რაც სურდა, იმას ჩემგან ვერასდროს მიიღებდა. ჩემი ოჯახის ორი წევრი მოკლეს, როდესაც სახლში რეკავდნენ, როდესაც არ ვემორჩილებოდი მათ. საპატიმროშიც ვიცავდი ადამიანებს, რომლებსაც შიდსიან ნემსებს უკეთებდნენ. უნდოდათ, შიდსით დაეავადებინათ და მოეკლათ.

 

ბატონმა გოგამ ძალიან ბევრი ნაწამები ადამიანის ინტერვიუ ჩაიწერა, თუ არ ვცდები, 1200-ზე მეტი. იქ ყველამ ერთმანეთზე უარესი ამბები გადავიტანეთ და მე არ ვარ გამორჩეული, რადგან იქ ჩემზე უმძიმესი დღეები გადაიტანეს ბიჭებმა, ბევრი მათგანი სამწუხაროდ, დღეს ცოცხალიც აღარ არის. ჩემი წიგნიც სწორედ მათ სულებს ეძღვნება, იმ მებრძოლ ბიჭებს, რომლებიც სისტემას აუჯანყდნენ და მათი სისხლით მივიღეთ ის შედეგი, რომელიც 2012 წელს დადგა. ვთვლი, რომ ეს ისტორია ყველამ უნდა იცოდეს და ნახოს ის, თუ როგორ გავიარე ის ტანჯვა-წამება, მე ამაზე პრობლემა არ მაქვს", - ამბობს ალექსანდრე ახალკაცი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner