logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტი მიზანმიმართულად, უხეშად არღვევს კონსტიტუციას, რათა მოახდინოს მავნე ფორმულირების ლეგალიზაცია, თითქოს კანდიდატის სტატუსს ხალხი იმსახურებს, ხელისუფლება კი არა
- +

1 ოქტომბერი. 2023. 01:01

 

 

სამწუხაროდ, პრეზიდენტი მიზანმიმართულად, უხეშად არღვევს კონსტიტუციას და არღვევს იმისთვის, რომ მოახდინოს მავნე ფორმულირების ლეგალიზაცია, თითქოს კანდიდატის სტატუსს ხალხი იმსახურებს, ხელისუფლება კი არა, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ წევრმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„უნდათ, რაღაცნაირად გახლიჩონ და ქვეყანა იყოს გახლეჩილი, ხალხი სადღაც ცალკე და ხელისუფლება ცალკე. ერთი მოწოდებაა, რომ მაქსიმალურად, ყველა ერთად ვიყოთ, მაგრამ რეალურად, მეორე მოწოდებაა, რომ ხელისუფლება არაფერს არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს. ასე არ ხდება. აი, ამ მავნე ნარატივის ლეგალიზაციას და ლეგიტიმაციას ემსახურება პრეზიდენტი, როდესაც ის ვიზიტებს ახორციელებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

მისი თქმით, გარკვეულ ძალებს სურთ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისე გააფორმონ, თითქოს ამას ხალხი იმსახურებს, მთავრობა კი არა, მაშინ, როდესაც ყველა რეფორმა, რომელიც ათი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა ეტაპზე აახლოებდა ევროკავშირთან, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გატარდა.

 

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, შესაძლებელია თუ არა, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით გაბრაზებულმა ოპოზიციამ მის იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა განაცხადა, რომ შეიძლება, იმპიჩმენტს შეუერთდეს, „დანარჩენი ნაწილისთვის კი სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროდ, ამ ეტაპზე სიტუაციურად გამოსაყენებელი ადამიანია, რადგან მათთვის ის რეზიდენტი იყო“.

 

„მათთვის ის რეზიდენტი იყო, ანუ შემოგზავნილი. ეს არ არის უბრალო ბრალდება, ხომ? იმიტომ, რომ თუ ადამიანი არის ვიღაცის აგენტი, ის ასე ადვილად ვერ გამოდის აგენტობიდან. ეს არ არის მარტივი თემა, აგენტი იყო და აღარ გახდე აგენტი. ამიტომ, მათ ახლა ეს აგენტი ჰყავთ სიტუაციურ ტყვეობაში მოქცეული, ან მათ ნება-სურვილებს შეასრულებს, ან არადა, შეიძლება, ზურგს უკან დანა ჰქონდეთ სალომე ზურაბიშვილისთვის გამზადებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად აქვს მმართველ გუნდს ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი იმპიჩმენტის შემთხვევაში, ქადაგიშვილმა უპასუხა, რომ „ქართული ოცნება“ არანაირად არ დებს ფსონს ამაზე, რადგან ხელისუფლების მიზანი ამ შემთხვევაში არის არა ქვეყანაში პოლიტიკური ფიგურების გადაადგილება, არამედ ყველა დონეზე კონსტიტუციური წესრიგის არსებობა.

 

გადაცემის წამყვანმა სტუმარს ქვეყანაში შესაძლო არეულობისა და დესტაბილიზაციის საქმესთან დაკავშირებითაც ჰკითხა, რომლის შესახებაც სუს-მა განაცხადა, რაზეც ირაკლი ქადაგიშვილმა უპასუხა, რომ სუს-ი ძალიან მაღალპროფესიონალურად მუშაობს, რადგან მათთვის მთავარი ამოცანა არის არა ის, რომ დანაშაული მოხდეს და მერე ამ დანაშაულზე მოხდეს რეაგირება, არამედ ის, რომ ქვეყანას საფრთხე აარიდონ.

 

„ყველას კარგად გვახსოვს ბევრი ჩანაწერი, გარდა საერთაშორისო გამოცდილებისა ამ საკითხში. გვახსოვს ბევრი ჩანაწერი იმავე მიხეილ სააკაშვილის პირით ნათქვამი – იქ გვარამია სცემეთ, კარგია, ხალხი აღშფოთდება, თუ ფეხმძიმე დაზიანდება, უფრო მეტი აღშფოთება იქნება, სისხლი აუცილებლად დაიღვრება საქართველოში და ა.შ. ეს არ არის რაღაც ეფემერული რამ. ეს არის ის კონკრეტული საფრთხეები, რომელიც ქვეყნის წინაშე იდგა, დგას და რომლის პრევენციაც პოლიტიკის დონეზეც ხორციელდება და სპეცსამსახურები თავის დონეზე ახორციელებენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner