logo_geo
eng_logo
დავითაშვილი „ბორდოში“ საუკეთესო იყო - ქართველის გუნდი ერთ-ერთ ლიდერთან დამარცხდა
- +

1 ოქტომბერი. 2023. 01:22

 

 

ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ში მორიგი შეხვედრა ჩაატარა „ბორდოში“, რომელიც „გრენობლს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

 

მეცხრე ტურის შეხვედრა ჟირონდელებმა გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან სტუმრად გამართეს. ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ მწვრთნელმა, დევიდ გიონმა ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა და შეუცვლელად ათამაშა.

 

ქართველი შემტევი „ბორდოში“ საუკეთესო იყო და ყველაზე მეტად ამწვავებდა შეტევებს. მისმა გუნდმა ოთხი მომენტი შექმნა, საიდანაც სამი უშუალოდ ზურიკოს დამსახურება იყო. მას პირველ ტაიმში გოლის გატანის მცდელობა ორჯერ ჰქონდა, მაგრამ პირველ შემთხვევაში მასპინძლები მეკარემ გადაარჩინა, მეორედ კი დავითაშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.

 

„გრენობლი“ მე-15 წუთზე დაწინაურდა. „ბორდოს“ კარი მასპინძელთა მოლდოველმა თავდამსხმელმა, ვირგილიუ პოსტოლაკმა აიღო და პირველი ტაიმი „გრენობლმა“ 1:0 მოიგო.

 

შესვენების შემდეგ „ბორდოს“ შეტევების გამწვავება და მეტოქის კართან მიახლოება ძალიან უჭირდა, რადგან „გრენობლი“ თავს ორგანიზებულად იცავდა, კონტრშეტევაზე კი მეორე ბურთის გატანაც შეეძლო.

 

85-ე წუთზე „გრენობლს“ პრობლემა ისევ დავითაშვილმა შეუქმნა, როდესაც საჯარიმოში თანაგუნდელთან კარგად გაითამაშა ბურთი და ზუსტად დაარტყა, მაგრამ გუნდი მასპინძელთა მეკარემ გადაარჩინა. 90+1-ე წუთზე საიკუ ტურაიმ მაინც მოახერხა მეორე გოლის გატანაც და გუნდს სამი ქულა მოუტანა.

 

საფრანგეთის ლიგა 2-ში გამართული ცხრა ტურის შემდეგ „ბორდომ“ 10 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზეა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner