გიორგი მიქაუტაძემ კვლავ სათადარიგოთა სკამიდან ადევნა თვალი „აიაქსის“ თამაშს, რომელიც „ვაალვიკს“ ესტუმრა და 3:2 იგებდა, მაგრამ თამაში ვერ დასრულდა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი „აიაქსში“ პირველი ორი მატჩის შემდეგ შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და შანსს არ აძლევენ, ამსტერდამელთა სპორტული დირექტორი კი, რომელმაც გიორგი გუნდში მიიყვანა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ნიდერლანდების ერედივიზიონის მეშვიდე ტურის შეხვედრა „აიაქსმა“ „ვაალვიკთან“ სტუმრად გამართა და 30-ე წუთზე ბრაიან ბრობის გოლით დაწინაურდა. შვიდ წუთში მიშელ კრამერმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 43-ე წუთზე ამსტერდამელები სტივენ ბერგვაინმა პენალტით ისევ დააწინაურა.
მეორე ტაიმში „ვაალვიკმა“ ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა – ამსტერდამელებს იასინ უკილიმ (51) გაუტანა. თუმცა, მალე სტივენ ბერგჰუისმა „აიაქსი“ ისევ დააწინაურა.
შეხვედრის 84-ე წუთზე „აიაქსის“ თავდამსხმელი ბრობი მასპინძელთა მეკარეს, ეტიენ ვაესენს შეეჯახა, რომელიც მოედანზე უგონოდ დაეცა – მოთამაშეების რეაქციიდან ჩანდა, რომ მისი მდგომარეობა ძალიან რთული იყო და მსაჯმა თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.