logo_geo
eng_logo
ქეთევან დუმბაძე: სანამ წინასწარ დასკვნებს გააკეთებთ, აცალეთ მუშაობა იმ ხალხს, ვისაც პროექტის გადარჩენა უნდა
- +

1 ოქტომბერი. 2023. 13:04

 

 

მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ისევ ფრანკფურტის ბაზრობის, მწერალთა სახლის ფესტივალის ჩაშლაში დადანაშაულების უმწეო მცდელობასა და სიცრუეზე, - თითქოს მწერალთა სახლი მწერლობის წინააღმდეგ მოქმედებს.

 

ამას არავინ დაგიჯერებთ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სიცრუეა და ყველაფერი ხელის გულზე დევს. რაც შეეხება ლიტერატურულ პრემიას „მუზა“, მისი წინასწარ დისკრედიტაციის მცდელობაც ფუჭია, რადგან  100-ზე მეტი განაცხადია შემოსული.

 

ამაოდ ცდილობთ, შეცდომაში შეიყვანოთ საზოგადოება. საბედნიეროდ, არსებობენ მწერლები და გამომცემლები, ლიტერატორები და, უბრალოდ, მკითხველები, რომლებიც სიხარულით თანამშრომლობენ მწერალთა სახლთან. თქვენ წარმოიდგინეთ,  თავად ბოიკოტის განცხადებაზე ხელმომწერებიც კი აგრძელებენ მუშაობას თავიანთ პროექტებზე. ვინც არ ისურვა მწერალთა სახლთან თანამშრომლობა, მან თავად მიიღო წასვლის გადაწყვეტილება.

 

ვიყოთ ბოლომდე გულახდილები და ხმამაღლა ვთქვათ ისიც, რომ მწერლების და გამომცემლების ნაწილმა, მავანთა ზეწოლის შედეგად, თქვა უარი  ბაზრობაში მონაწილეობაზე.

 

4 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შუალედში და შემდეგაც დროც იყო და საშუალებაც, რომ ეწარმოებინათ მოლაპარაკებები და გაეფორმებინათ კონტრაქტი.

 

27 სექტემბერს მწერალთა სახლმა მიიღო წიგნის გამომცემელთა ასოციაციის გამგეობის (და არა მწერლებისა და ამ ორგანიზაციის  წევრი სხვა გამომცემლების წერილი) ფრანკფურტის პროექტის მწერალთა სახლისთვის გადაბარების თაობაზე. არც ეს სვლა აღმოჩნდა რთული გასაშიფრი, რადგან ვისაც ოდესმე ფესტივალის ორგანიზებასთან თუნდაც გვერდზე ჩაუვლია, ზუსტად იცის, რომ 20 დღეში ამის უზრუნველყოფა პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

დღეს მწერალთა სახლი  მხარეთა მოლაპარაკებების დასრულებას ელოდება, მთავრობის მიერ ფრანკფურტისთვის გამოყოფილი თანხა კი - გადარიცხვას. ჰოდა, სანამ წინასწარ დასკვნებს გააკეთებთ, აცალეთ მუშაობა იმ ხალხს, ვისაც პროექტის გადარჩენა უნდა“, - წერს ქეთევან დუმბაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner