პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირაში“ „კასრების საქმე“ გაიხსენა და ერთ-ერთ ეპიზოდზე ისაუბრა.
„ერთ-ერთ გაჭირვებულ ოჯახში შევიდნენ, მოიტაცეს ოჯახის უფროსი კაცი, წაიყვანეს, აწამეს, გააუპატიურეს, საშინელებები დამართეს. ამ ადამიანს ედავებოდნენ და აიძულებდნენ ეღიარებინა ის დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია ბუნებაში. მას ჰყავდა ორსული ცოლი, რომელსაც გაუსწორდნენ ფიზიკურად. ეს საშინელი ტრაგედიები გადაიტანა ერთმა ოჯახმა. ეს ეპიზოდი ჩანს იმ კადრებში [კასრებში აღმოჩენილ ფირებზე], რომელიც თქვენ მკითხეთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
2013 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის ტყის მასივში, 8 ცალი პოლიეთილენის კასრი იპოვეს, სადაც დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, შსს-ს საინფორმაციო ბაზიდან წამოღებული დოკუმენტები, ნარკოტიკული საშუალებები და 18 ცალი ვიდეოფირი აღმოჩნდა.
ნაპოვნი ვიდეოჩანაწერებისა და სხვა მოკვლეული მასალით გამოძიებამ დაადგინა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას, პოლიციელებისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისაგან შექმნილი ჰქონდა დაჯგუფება, რომლის წევრებიც უკანონოდ აპატიმრებდნენ ადამიანებს და სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, წინასწარ აშენებულ მიწისქვეშა ბუნაგებში აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. დაკავებულის გასაუპატიურებლად კი ადამიანს ქირაობდნენ, რაშიც მას ფულს უხდიდნენ.