„ჩვენი მხარდამჭერი ქვეყნები მხარდაჭერაში ახლა უფრო ხმამაღალი იქნებიან და არ მისცემენ საშუალებას არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომ კიდევ ერთხელ განმეორდეს საქართველოს მიმართ უსამართლობა, რაც შარშან მოხდა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას „იმედის კვირასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, სტატუსის მოსაპოვებლად ამჯერად საქართველოს ჰყავს მხარდამჭერი ქვეყნები.
„ჩვენ ახლა ვართ იმ პროცესში, როდესაც ველოდებით ევროკომისიის დასკვნას და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. ევროპული საბჭო, როგორც საზოგადოებამ კარგად იცის, შედგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისგან და სწორედ ისინი მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია წევრ ქვეყნებთან მუშაობა, მათთვის ჩვენება, თუ რა მნიშვნელობა აქვს პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებას საქართველოსთვის. შარშანაც გვქონდა ასეთი სახის შეხვედრები. ჩვენ ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს გვიჭერს და შარშანაც მხარს უჭერდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა, ვნახეთ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები არსებობს, რომლებმაც შარშან ეს უსამართლო გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ განაპირობეს. ვხედავთ, წელსაც არის მცდელობები, რომ საქართველო ამ მხრივ კიდევ ერთხელ დაიჩაგროს. არიან მათ შორის ჯგუფები, რომლებიც დაკავშირებულები არიან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან. ვხედავთ მისი ციხიდან დახსნის სხვადასხვა მიზეზის მოძიება ხდება.
საქართველოს საზოგადოებამ იხილა, თუ როგორ მოქმედებს მთლიანი ქსელი, ლობისტური კავშირები და თან იმ დონეზეც კი, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები იწერება ლობისტების მიერ და შემდეგ ხდება მათი მიღება ევროპარლამენტის მიერ. რა თქმა უნდა, აქ მოდუნება არ შეიძლება. მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯერზე ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერები. მათ შორის, შარშანდელი მწარე გამოცდილების შემდეგ, როდესაც ყველამ გააცნობიერა, რომ უსამართლოდ დაიჩაგრა საქართველო. ჩვენი მხარდამჭერი ქვეყნები ახლა უფრო ხმამაღალი იქნებიან მხარდაჭერაში და არ მისცემენ საშუალებას არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომ კიდევ ერთხელ განმეორდეს საქართველოს მიმართ უსამართლობა, რაც შარშან მოხდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.