logo_geo
eng_logo
გიორგი კალანდარიშვილი: დღევანდელმა არჩევნებმა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე სხვა ჩართული მხარეების, ამომრჩევლებისა და საზოგადოების ელექტრონული არჩევნებისთვის მზადყოფნა დაადასტურა
- +

1 ოქტომბერი. 2023. 22:55

 

 

ცესკოს თავმჯდომარემ პირველი ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი წარადგინა. როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, არჩევნებმა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე სხვა ჩართული მხარეების, ამომრჩევლებისა და საზოგადოების ელექტრონული არჩევნებისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

 

„არჩევნებმა, რომელიც დღეს გორში, კასპსა და გურჯაანში გაიმართა, დაადასტურა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე სხვა ჩართული მხარეების, ამომრჩევლებისა და საზოგადოების მზადყოფნა ელექტრონული არჩევნებისთვის. საარჩევნო ელექტრონული აპარატურა კიდევ ერთხელ ფართო მასშტაბით, საერთო ჯამში კი მერვედ გამოვიყენეთ და უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ტექნოლოგიების გამოყენება წარმატებულია.

 

დღევანდელი დღე ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებს ორგანიზება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაუწია და - პროცესი ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე წარიმართა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამომრჩეველთა ინფორმირებულობის მაღალი დონე, რაც უდავოდ, ამ მიზნით განხორციელებული ფართომასშტაბიანი და აქტიური საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის ლოგიკური შედეგია.

 

კამპანია კონცენტრირებული იყო კენჭისყრაში ელექტრონული საშუალებებით მონაწილეობის საკითხებზე. გამოვიყენეთ ყველა შესაძლებლობა ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის: ცესკოსა და სწავლების ცენტრის საგანმანათლებლო პროექტები, ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირება ხალხმრავალ ღონისძიებებზე და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე, სარეკლამო რგოლები და საინფორმაციო ბროშურების გავრცელება.

 

აღარ შევჩერდები საინფორმაციო-სარეკლამო კამპანიაზე, რომელიც, რა თქმა უნდა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება 2024 წლის არჩევნებისთვის.

 

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან ერთად ამ პროცესის წარმატებით წარმართვაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს იმ ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში; მედიამ, რომელმაც როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღეს უზრუნველყო საარჩევნო პროცესების გაშუქება და ამომრჩეველთა ინფორმირება.

 

თანამშრომლობის ახალი პლატფორმების ფარგლებში მათთან ერთად არაერთხელ ვიმსჯელეთ საარჩევნო საკითხებზე და გავითვალისწინეთ რიგი მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციებისა.

 

იმისთვის, რომ ამომრჩევლებს მაღალ პროფესიულ დონეზე მომსახურებოდნენ, საკანონმდებლო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით რამდენიმე ეტაპიანი სწავლება გაიარეს შესაბამისი საარჩევნო კომისიების წევრებმა. დღეს ჩვენ ყველამ ერთად დავადასტურეთ რომ არჩევნები საერთო საქმეა და არსებობს ყველა წინაპირობა და მზადყოფნა 2024 წელს მოდერნიზებული და კარგად ადმინისტრირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩასატარებლად.

 

ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანმა გამოყენებამ მოგვცა საშუალება, დღეს, კენჭისყრის დასრულებიდან ერთ საათში, საზოგადოებას უკვე გავაცნოთ წინასწარი შედეგები იმ 103 საარჩევნო უბნის მონაცემების საფუძველზე, სადაც კენჭისყრა ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა.

 

ამ დროისთვის საარჩევნო უბნების საქმიანობა ჯერ კიდევ არაა დასრულებული, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები დამატებით ხელით გადაითვლიან შედეგებს, რაც სანდოობის მნიშვნელოვანი მექანიზმია, ამის შემდეგ კი შედგება შემაჯამებელი ოქმები. ამჟამად სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს საარჩევნო უბნებზე. აქვე შეგახსენებთ, რომ შემაჯამებელი ოქმები პლანშეტების საშუალებით, საარჩევნო უბნებიდან პირდაპირ ცესკოში გადმოიგზავნება, რაც კიდევ უფრო შეამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დროს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, როგორც მოდერნიზებულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე, ისინი უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, რის შემდეგაც აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

 

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, არჩევნებში მონაწილეობა სულ 43 330 ამომრჩეველმა მიიღო. მაღალი აქტივობა დაფიქსირდა გურჯაანში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 35.24% მივიდა.

 

აღსანიშნავია, რომ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრაცია გაიარა 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 16-მა და 23 ადგილობრივი ორგანიზაციის 426-მა დამკვირვებელმა, ასევე საარჩევნო სუბიექტების 178-მა წარმომადგენელმა. საარჩევნო პროცესის გაშუქების მიზნით კი აკრედიტაცია მედია ორგანიზაციების 158 წარმომადგენელმა გაიარა.

 

ახლა კი გაგაცნობთ 103 უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ შედეგებს.

 

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგი შემდეგია:

 

№ 34 მამუკა ტუსკაძე (საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისათვის“) -1 344 ხმა

 

№ 41 გიორგი სოსიაშვილი (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) -19 032 ხმა

 

რაც შეეხება გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნებს, აქ წინასწარი შედეგი შემდეგია:

 

№ 41 გიორგი მაჭავარიანი (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) 14 450 ხმა

 

დასასრულს, მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრატორებს ყველა დონეზე, სწავლების ცენტრს, 24 საათიანი ძალისხმევისათვის, ეს ადამიანები ამ წუთებშიც აგრძელებენ საქმიანობას იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესები წარიმართოს მაღალ პროფესიულ დონეზე, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში.

 

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორს, საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“, რომლის ტექნოლოგიური მხარდაჭერით შედგა დღევანდელი არჩევნები. ასევე კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას თითოეულ ამომრჩეველს და ჩართულ მხარეებს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner