2023 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულებისა და მასში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის შემაჯამებელი განხილვა პარლამენტში დღეს გაიმართება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.
„ეს თანხები გადანაწილდა სხვადასხვა მიმართულებით. არ დარჩენილა არცერთი მიმართულება. შემცირდა მთავრობის ვალი 363 მილიონი ლარით. თანხები წავიდა როგორც სოციალურზე, ასევე, უშიშროებისა და ქვეყნის განვითარების კუთხით. მიუხედავად ბიუჯეტის ზრდისა, ყველა პარამეტრი რაც ბიუჯეტს სჭირდება და რაც არის მნიშვნელოვანი, არის ნორმაში. ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ზე ნაკლებია, მთავრობის ვალი 40%-ს ჩამოცდა და 38%-ს უახლოვდება“, - ასე აფასებს ბიუჯეტის პროექტს კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე.
მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ის ნაცვლად 6.5%-ს შეადგენს. გარდა ამისა, პროექტში გათვალისწინებულია ბიუჯეტის შემოსულობების ზრდა 256.7 მლნ ლარით. ბიუჯეტში შემცირებულია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელიც. იზრდება თითქმის ყველა სამინისტროს დაფინანსება.