„კანვასის“ სერბმა წარმომადგენლებმა არასამთავრობოებისა და სამოქალაქო აქტივისტების დიდ ჯგუფს ჩაუტარეს სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ხელისუფლების, ეკლესიის, სუსისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ“, - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
„ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო, იმ ახალგაზრდებთან და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მ.წ. ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ. მათ მიერ, 2023 წლის 26-29 სექტემბერის პერიოდში, ქ. თბილისში მდებარე სასტუმრო „იბის“-ში, მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლების, კერძოდ ერთ-ერთი დიდი ჯგუფის გადამზადება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში. აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ სწავლება თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სხვა უწყებების წინააღმდეგ. გზებზე პიკეტების და ხელოვნური საცობების შექმნის და ადმინისტრაციული შენობების წინ კარვების მოწყობის ტექნიკაზე, როგორ უნდა შეიტანონ მღელვარება ძალოვან სტრუქტურებში, რა ძალადობრივი პასუხი უნდა გაეცეს მათ კანონიერ მოთხოვნებს, აგრეთვე მსმენელები შეამზადეს მოსალოდნელი დაკავებების პროცესისთვის და ამ დროს წინააღმდეგობის გაწევის ხერხებზე. აგრეთვე, აქციის მონაწილეთა დაფინანსების საკითხებზე, პარლამენტის შენობაში შეჭრაზე, მაუწყებლობის სადგურების გათიშვაზე და ძალაუფლების ხელში აღებაზე. საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლაზე, რა დროსაც მათ მიერ შედარებითი ანალიზისთვის მოყვანილი იქნა სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არა ერთი დრამატული მაგალითი“, - აცხადებენ სუს-ში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უწყებაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ახალი ინფორმაცია გაასაჯაროვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ გარკვეული პირები საქართველოში სამოქალაქო არეულობას გეგმავენ, რომლის მიზანია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და „ევრომაიდნის“ მოწყობა. კერძოდ, დესტრუქციული პროცესების დაწყების პერიოდად ოქტომბერ-დეკემბერი სახელდება, მთავარი შემსრულებლები კი გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი არიან. გეგმის განხორციელება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არის დაგეგმილი.
მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯგუფ „კანვასის“ სამი წევრი, სერბეთის მოქალაქეები გამოკითხეს.