logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: არავის ავარევინებთ ამ ქვეყანას, არ დავუშვებთ არც რევოლუციას, არც მეორე ფრონტს
- +

2 ოქტომბერი. 2023. 11:40

 

 

„რაც შეეხება რევოლუციურ პროცესებს, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენ გავუფრთხილდებით ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას და არავის ავარევინებთ ამ ქვეყანას, არ დავუშვებთ არც რევოლუციას, არც მეორე ფრონტს“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ კადრებს გამოეხმაურა, რომლებზეც ჯგუფ „კანვასის“ წევრების მიერ ჩატარებული ტრენინგია ასახული.

 

„ვუყურე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს. გახსოვთ, რომ თავიდან ეს ადამიანები ცდილობდნენ დაემალათ მათი ვიზიტის რეალური მიზანი. საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრები, ტრენინგები, თუმცა გაირკვა, რომ მათ მიზანი იყო რევოლუციური პროცესების შემზადება და დაგეგმვა ჩვენს ქვეყანაში, რაც შემაშფოთებელია. მით უფრო შემაშფოთებელია ეს ყველაფერი, რაც გაირკვა, რომ ეს ყველაფერი ფინანსდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, რომელსაც ეწოდება USAID, რაც ნიშნავს „ამერიკის დახმარება“. მე მგონი, ეს არ არის ამერიკის დახმარება. რა თქმა უნდა, დაგვჭირდება განმარტებების მიღება ამასთან დაკავშირებით - რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება. გახსოვთ, ჯერ იყო აკერმანის ტრენინგები, მერე იყო ფრანკლინის კლუბი, არაერთი სხვა აქტივობა, ექსტრემისტული ძალების სხვადასხვა სახის აქტივობა. ახლა ვხედავთ ასეთი ტიპის ტრენინგს, სადაც პირდაპირ საუბარია რევოლუციურ პროცესებზე.

 

სწორად აღინიშნა, რომ ამ ტრენინგის სათაურია „არაძალადობრივი აქტივობა“, თუმცა, სინამდვილეში, ვნახეთ, რომ აქ საუბარია პირდაპირ ძალადობრივ მეთოდებზე, რომლებიც რევოლუციის მოწყობის მიზნით უნდა იყოს გამოყენებული. სცენარი რა არის - არეულობა, რევოლუცია და საბოლოო მიზანი ყველამ ვიცით, რაც არის - მეორე ფრონტი, რასაც ვერ მიაღწიეს 2022 წლიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მიზანი ჯერ კიდევ არ არის განელებული, აქტუალობა შენარჩუნებული აქვს. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ იგეგმება ასეთი პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის უკან დგას USAID-ის დაფინანსება. დაგვჭირდება ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან განმარტებების მოსმენა ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

 

ცნობისთვის, სამოქალაქო არეულობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალ დეტალებს ასაჯაროებს. სუსის ინფორმაციით, სერბეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ოქტომბერ - დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდებთან და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებიც გაასაჯაროვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner